სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, სერიოზულ რისკებს ვხედავთ - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება
უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატის,
ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განუცხადა.
„კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის
შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ
რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ უწყებები, სამართალდამცავი
სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გეგმები
ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
რისკის ქვეშ დაყენება, რა თქმა უნდა, სერიოზული დილემაა. აქედან
გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში
გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. თან, არ
არსებობს ამის საჭიროება და უსაფრთხოების რისკები არის ძალიან
სერიოზული და საუბარია რისკებზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების
სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ რა რისკებია,
მოიტაცებენ თუ არ მოიტაცებენ, მე მგონია ვერ მოიტაცებენ, მაგრამ
მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული
საფრთხე შეექმნას. მხოლოდ იმიტომ, რომ ახირებული მოთხოვნაა, ამას ვერ
დავუშვებთ. ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია
სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება შეასრულოს, შეწყვეტს ის შიმშილობას
და შეწყვეტს ელენე ხოშტარიაც. მაგრამ არ აკეთებს ამას იმის გამო, რომ
სტრასბურგის სასამართლოსთან არის ღირებულებით კონფლიქტში და ზოგადად
ყველაფერთან, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება“, - განაცხადა
კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები