ოთხი პოლიტიკური პარტია -"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "დროა" და
"გირჩი - მეტი თავისუფლება"- პარასკევს, 19 ნოემბერს ერთობლივ
აქცია-მსვლელობას გამართავს. დეტალებზე ინფორმაცია მედიას
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიაწოდა.
15:00 საათზე აქცია თბილისში, სამ მეტროსადგურთან გაიმართება. ეს
ადგილებია: მეტროსადგურ "ავლაბართან" შეიკრიბებიან "ნაციონალური
მოძრაობის" მხარდამჭერები; მეტროსადგური "სადგურის მოედანი" -
იკრიბებიან "ლელო" და მისი მხარდამჭერები; მეტროსადგური "სახელმწიფო
უნივერსიტეტი" - იკრიბებიან "გირჩი - მეტი თავისუფლება" და
"დროა".
"ყველა ხვდება, რომ საქართველოში სწრაფი ტემპით ყალიბდება რუსული
ტიპის ავტოკრატია. ჩვენ "ქართული ოცნების" რეჟიმი საქართველოს
მოქალაქეებს გვართმევს ისტორიულ არჩევანს, რომელიც გულისხმობს კანონის
უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე მდგომ სახელმწიფოს, რომელიც
უნდა იყოს ინტეგრირებული ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროსთან. ამ
ყველაფერზე ღიად განაცხადეს უარი. ამაზე ღიად, საჯაროდ და გულწრფელად
"ქართული ოცნება" ვერასდროს ვეღარ გვეტყვის, რომ ისტორიული არჩევანი
იცვლება. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალია, განურჩევლად
პროფესიისა, სტატუსისა, ვართ მწერლები, პოლიტიკოსები თუ უბრალოდ
საქართველოს პასპორტი უდევს ჯიბეში, ყველას გვაქვს ერთი მიზანი და
ამოცანა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში - რუსული
ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას", - თქვა
მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გამართული აქციების მიზანი დაპატიმრებული
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო,
მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა იყო. სააკაშვილი საქართველოში 1
ოქტომბერს დააკავეს და ის უკვე 48 დღეა შიმშილობს.
მასალის გამოყენების პირობები