როგორ მიიღებენ ვაქცინირებული პენსიონერები მთავრობისგან 200-ლარიან დანამატს
ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდისა და სიკვდილიანობის
მაჩვენებლის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო
გადაწყვეტილება, ვაქცინაციის წახალისებისთვის სხვადასხვა სახის
კამპანია აწარმოოს.
მათ შორის, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, პირველადი აცრის შემთხვევაში,
მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება. საბჭოს გადაწყვეტილებით,
პენსიონერები, რომლებიც 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებენ კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მთავრობისგან ერთჯერადად 200 ლარის
ოდენობით საპენსიო დანამატს მიიღებენ.
დადგენილება 8 ნოემბერს შევიდა ძალაში. როგორც სოციალური მომსახურების
სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე
აცხადებს, პირველ ეტაპზე, რომელიც მოიცავს 8-15 ნოემბერს, დანამატის
მიმღებ ადამიანთა მონაცემები მომსახურების სააგენტოს 15 ნოემბრის დღის
ბოლოს გადაეცემა. 5 სამუშაო დღის განმავლობაში კი პენსიონერებს
„ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დაერიცხებათ 200 ლარი.
დაანგარიშების მომდევნო თარიღი 1 დეკემბერი იქნება. რაც შეეხება
60-დან 65-წლამდე მამაკაცებს, რომლებიც საპენსიო ასაკს არ
მიეკუთვნებიან, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით,
„ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყველა
მათგანის სახელზე სოციალური ანგარიში გაიხსნება. ამრიგად, 60-65 წლის
მამაკაცები კუთვნილი თანხის მიღებას „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ
ფილიალში, პირადობის მოწმობით, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე
შეძლებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ კამპანია 31 დეკემბრამდე გრძელდება და
თარიღები საახალწლო დასვენების დღეებს ემთხვევა, 28-29-30-31
დეკემბერს აცრილი მოქალაქეები საპენსიო დანამატს უკვე 2022 წლის
იანვრის დასაწყისში მიიღებენ.
60 წლის ან ზემოთ მოქალაქე, რომელიც უკვე აცრილია პირველი დოზით ან
სრულად ვაქცინირებულია და „ბუსტერ დოზას“ იკეთებს, ერთჯერად დანამატს
ვერ მიიღებს. 200 ლარს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი
დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება.
მასალის გამოყენების პირობები