სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება - რატი ბრეგაძე
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში
დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი
ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთადერთი მოთხოვნა, რაც პატიმარ სააკაშვილის ადვოკატებს სასამართლოს
წინაშე ჰქონდათ დაყენებული, იყო მისი სამოქალაქო კლინიკაში
დაუყოვნებლივ გადაყვანა. ეს მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლომ არ
დააკმაყოფილა და მას დაჟინებით მოუწოდა შეწყვიტოს შიმშილობა. ეს არის
ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება, რომლის სულისკვეთებას ჩვენ თავიდან
ბოლომდე ვიზიარებთ.
ჩვენ მას პროტოკოლის მიხედვით ვუხსნიდით, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს
მაგალითად, შიმშილობას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეორე მხარეს
შეხედეთ, პირდაპირი ეთერის მეშვეობით რომ მოუწოდებენ, არ შეწყვიტოს
შიმშილობა, რომ ამ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურდება.
რა არის ეს, თუ არა პატიმარზე ძალადობა?! როდესმე გაგიგიათ მსგავსი
განცხადება ჩვენი მხრიდან ან ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა მაინც?! არა,
ვერც იხილავთ, რადგან ნებისმიერი პატიმარი არის ჩვენი ზრუნვის
საგანი.კარავში შედის ხალხი და ეს ადამიანი გადაიყვანეთ სამოქალაქო
კლინიკაშიო, იმას კი არ მოითხოვენ, რომ ამ ადამიანმა შიმშილობა
შეწყვიტოს. ამის გამო შიმშილობენ, ამას პირდაპირ ეთერში მოუწოდებენ.
მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და იგი დაბრუნდება მე-12
დაწესებულებაში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18
დაწესებულებაში მოტყუებით არ გადაუყვანიათ, არამედ მან იცოდა, რომ
სამკურანლო დაწესებულებაში გადადიოდა.
„ამას აცხადებს თავად პატიმარი, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ის გამოდის,
მიდის თავისი ნებით. და საერთოდ, გადაწყვეტილებას, თუ სად იქნება
პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა თავად პატიმარი, არამედ სპეციალური
პენიტენციური სამსახური საჭიროებიდან გამომდინარე. ვისაც მსგავსი
კითხვები უჩნდება, კარგად გაეცნოს კანონმდებლობას და მიიღებს ყველა
პასუხს. ჩვენ არავის ვატყუებთ. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მოვალეობას ამ
ქვეყნისა და კანონის წინაშე. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და
სამკურანლო დაწესებულებაში. იცოდა, რომ გადადიოდა სამკურნალო
დაწესებულებაში და გადაწყვეტილებას, სად იქნება პატიმარი გადაყვანილი,
იღებს არა პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, -
განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები