ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში
შედის ცვლილებები, რომელთა შედეგი უკანონო თევზჭერის აღკვეთა და
პრევენცია იქნება.
ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი
(უკანონო თევზჭერა). ცვლილების მიზანია ელექტროდენით, ელექტროშოკის
აპარატით განხორციელებული თევზჭერა პირდაპირ დაკვალიფიცირდეს სისხლის
სამართლებრივ დანაშაულად. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამგვარი
ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს მხოლოდ იმ შემთხვევაში
წარმოადგენს, როდესაც პირი ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციულად
სახდელდადებულია ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
მოპოვების შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი ან ამგვარი თევზჭერა
ჩადენილია აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას. მხოლოდ ამგვარი
ქმედებით სისხლის სამართლებრივ დანაშაულად დაკვალიფიცირება ვერ
უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას,
გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან - ეკოლოგების მხრიდან მსგავსი
ქმედება მძიმე დანაშაულთა კატეგორიად შეფასდა.
ასევე, მე-300 მუხლს სასჯელის ერთ-ერთ ფორმად ემატება
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაც, რომელიც ჩაანაცვლებს ჯარიმას და
გამასწორებელ სამუშაოს. უსასყიდლო შრომის ფორმა მიზანშეწონილია
გამოყენებულ იქნას თუნდაც იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რაც შეიძლება
მიადგეს გარემოს აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში. სისხლის
სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, თევზჭერა
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით,
ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და
თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილების
თანახმად, თევზჭერის სფეროში სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში,
სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა. კერძოდ, იცვლება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლი (თევზჭერისა
და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა
სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა).
ცვლილებების თანახმად: სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და
ხერხების გამოყენებით თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების
განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღის ვადით, სამართალდარღვევის იარაღისა
და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის
კონფისკაციით.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის
დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 300 ლარით ან
10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით. სამართალდარღვევის იარაღისა და
მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - პირი დაჯარიმდება 600
ლარით ან შეეფარდება 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა,
სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. თუ პირი იგივე დანაშაულს ჩაიდენს
წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის
კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, მოუწევს 600
ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ან 14-დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და
სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო
საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. დანაშაულის განმეორების
შემთხვევაში, ჯარიმა 1200 ლარით განისაზღვრება ან პირს 14-დღიანი
ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, მოპოვებული თევზის ან წყლის
სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის
სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს
დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელები - 3 000-ლარიანი ჯარიმა, ან
14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, მოპოვებული თევზის ან წყლის
სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის
სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
მასალის გამოყენების პირობები