მეორე ტურისთვის თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს 23-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ
ცესკო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ
ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში
მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა,
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა
ამომრჩევლებმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23-დან 25
ოქტომბრის ჩათვლით, ცესკოს დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უნდა
მიმართონ კონტაქტჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51, შიდა ნომერი
0.
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი
ამომრჩევლების მერის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით,
სპეციალური უბნები უკვე შექმნილია. ამომრჩევლების არჩევნებში
მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილები
იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების
სრული გარანტიით. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და
იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ თვითმმართველი
ქალაქისა და თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ
გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება დილის 8:00
საათზე და დასრულდება 20:00 საათზე. საარჩევნო ადმინისტრაცია
მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ვადების გათვალისწინებით,
დროულად მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ სპეციალური
პროცედურები. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5
თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში
გაიმართება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები