დაინტერესებული ვარ, დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალს ადევნებს და
დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დროულად შევიდეს ექიმების
მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მისი მდგომარეობა.
„ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ამ
საკითხზე საუბარი. მათ განაცხადეს, რომ განცხადება თითქოსდა არასწორად
იყო დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან, ამიტომ მე მათ ვთხოვე
დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცავი. ვიცი, რომ გუშინ
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების
ჯგუფის მუშაობაზე“, - აცხადებს ლომჯარია.
ომბუდსმენის თქმით, მას პირადად არ უნახავს სააკაშვილის ექიმის,
ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადება, რის საფუძველზეც ის პატიმრობაში მყოფ
სააკაშვილთან ციხეში შესვლას ითხოვდა.
„განცხადება არ მინახავს. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ
არასწორად არის, ანუ მოთხოვნილია ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ
ითვალისწინებს პროცედურები. ანუ თითოეულ შესვლაზე განცხადება
ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს, ეს არის მიზეზი. ჩემი წარმომადგენლები
პრეზიდენტის მდგომარეობას რეგულარულად ამოწმებენ, ვახორციელებთ
ვიზიტებს. გუშინაც იყვნენ შესულები. რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ,
რომ შეიძლება შევიდე, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა,
მეც და ჩემი წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართული და მონიტორინგს
ვუწებთ მის მდგომარეობას. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე არ შემიძლია
საჯაროდ ვისაუბრო, ამის უფლება არ მაქვს, თუმცა ვადევნებთ თვალს და
ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი
და შეისწავლოს მისი მდგომარეობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რაც შეეხება პატიმრობის პირობებს და მოპყრობას პატიმრის მიმართ, მისი
თქმით, ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველს დარღვევები არ
დაუფიქსირებია
მასალის გამოყენების პირობები