ბოლო კვირაში შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა - შესაძლებელია ეს იყოს „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის
განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შეზღუდვები
მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა დაწესდეს.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეზღუდვები
საზოგადოებისთვისაც მიუღებელი იქნება.
„ძალიან მტკივნეული საკითხია აქ კი არა, მთელ მსოფლიოში. ნახეთ, რა
ხდება იტალიაში, საფრანგეთში, სერიოზული გამოსვლებია შეზღუდვების
გამკაცრების წინააღმდეგ. მომიტინგეების დასაშლელად სჭირდებათ ზოგიერთი
პოლიციური ზომის გამოყენება.საქართველოში საზოგადოება მიეჩვია, რომ
შეზღუდვები ეტაპობრივად მცირდებოდა. შესაბამისად, ცხოვრება
უბრუნდებოდა ნორმალურ რიტმს, ეკონომიკა ამოქმედდა და ამიტომ ხელახლა
შეზღუდვების შემოღება იქნება ძალიან ძნელი და არასასურველი. მხოლოდ და
მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა მოხდეს. მანამდე მიმაჩნია, რომ
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების შესრულებაზე
კონტროლის გამკაცრება - პირბადის გამოყენება, ქორწილების,
ქელეხებისგან, დაბადების დღეებისგან თავის არიდება. და რაც მთავარია -
ვაქცინაცია! - განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება ინფექციის გავრცელების ტენდენციას, როგორც ცერცვაძემ
აღნიშნა, ბოლო ერთ კვირაში მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია
შეინიშნება.
„კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით
თვენახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების
ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც
იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 000-ზე მეტი
შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, რაც საკმაოდ ბევრია. გაიზარდა
აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის
დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი
პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ერთ
კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები