ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველას მაქსიმალურად დროულად გადაეცეთ ბინები და ფულადი კომპენსაცია -ირაკლი ღარიბაშვილი
აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და, ჩვენც, ცენტრალური
ხელისუფლებაც, მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, რომ მაქსიმალურად
დროულად, ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და
ამასთან, ფულადი კომპენსაციებიც.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში,
დაღუპულთა პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით,
გამოძიება აუცილებლად დაადგენს, რა გახდა ნგრევის მიზეზი.
„მოგეხსნებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა 3 პირი, რომელიც ამ
დანაშაულში იკვეთება. გამოძიება გასცემს პასუხს, ეს გულგრილობა იყო,
გაუფრთხილებლობა თუ უბედური შემთხვევა, მაგრამ ჩვენ, მთავრობა,
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად დავუდგეთ
გვერდში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას
გეგმავს.26 მაისის ქუჩაზე კი, იმ ადგილას, სადაც 8 ოქტომბერს ტრაგედია
დატრიალდა, სამგლოვიარო კედელი გაკეთდა. გარდაცვლილთა ხსოვნის
პატივსაცემად, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.
შეკრებილები იხსენებენ 8 ოქტომბრის ტრაგედიას და მძიმე წუთებზე
საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი
სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის
ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი 9
ოქტომბერს, დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ
დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე
ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის
ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
მასალის გამოყენების პირობები