ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით,
საქართველო კორონავირუსის სამკურნალოორ უახლეს პრეპარატს მიიღებს.
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, საქართველოს ძვირადღირებული ე.წ.
მონოკლონური ანტისხეულების შეძენაში მსოფლიო ბანკი დაეხმარება.
რაც შეეხება მეორე ძვირადღირებულ პრეპარატს, „ბარიციტინიბს“, თენგიზ
ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატი ქვეყანაში ოქტომბრის მეორე
ნახევარში შემოვა და მას ანტივირუსული და ანტიანთებითი ეფექტი
გააჩნია, რაც პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად შეამცირებს.
„ქვეყანაში 2 ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთი ეს არის ე.წ.
მონოკლონური ანტისხეულები, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ.
გენეტიკური ინჟინერიის გზით შექმნილი ანტისხეულებია, რომელიც პირდაპირ
მოქმედებს კორონავირუსზე და ანეიტრალებს ორგანიზმში შეჭრილ ვირუსს.
წინასწარი კვლევებით, "მონოკლონური ანტისხეულები" სერიოზულად ამცირებს
ინფექციის დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას.
რამდენიმე "მონოკლონური სხეულია" ხმარებაში, 3 სხვადასხვა კომპანიის,
მათგან უკეთესია „რეგენერონის“ და „როშის“ წარმოებული "მონოკლონური
ანტისხეულები", რომელსაც ორი სახელი ჰქვია RONAPREVE ან, „რეგენკოვი“
ეს "მონოკლონური ანტისხეულები" ძალიან ძვირადღირებულია. ერთი
ავადმყოფისთვის საჭირო დოზა, ამბულატორიულ პირობებში, სახლში მყოფი
პაციენტებისთვის 1200 დოლარია, ხოლო კლინიკაში, უფრო მძიმე
პაციენტებში 5000 დოლარი. ეს მედიკამენტი RONAPREVE "მონოკლონური
ანტისხეულების" ყველაზე კარგი ვარიანტია. მსოფლიოს რამდენიმე
ქვეყანაში დაიწყეს მისი გამოყენება. საქართველო ერთ-ერთი პირველი
იქნება, ვინც ამას გამოიყენებს. სერიოზული მოლაპარაკება მიმდინარეობს,
მათ შორის, ჩართულია მსოფლიო ბანკი, რომელიც შეპირდა საქართველოს, რომ
დაეხმარება ამ ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენაში. ეს
მედიკამენტი დიდი ალბათობით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა.
ბოლო მედიკამენტი, რომელსაც ერთეული ქვეყანა იყენებს, არის
„ბარიციტინიბი“. ტაბლეტია, რომელიც ანტივირუსულია და ანტიანთებითი,
იდეალური პრეპარატია. „რემდესივირს“ აქვს ანტივირუსული,
„ტოცილიზუმაბს“ კი ანტიანთებითი ეფექტი. „ „ციტოკინური შტორმის“
სამკურნალოდ „ტოცილიზუმაბი“ იდეალურია.
ოქტომბრის ბოლოდან შესაძლებლობა გვექნება ვუმკურნალოთ კორონავირუსით
ინფიცირებულ პაციენტებს რეანიმაციაში მოხვედრამდე. სპეციფიკური
პრეპარატებით ვუმკურნალოთ ადრეულ სტადიაზე, კერძოდ, „რემდესივირით“ და
„მონოკლონური ანტისხეულით“, თუ დაგვიანებით მოვიდა პაციენტი მას
„ტოცილიზუმაბით“ და „ბარიციტინიბით“. ვფიქრობ, ძალიან შევამცირებთ
პაციენტების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და გარდაცვალებას“, -
განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები