წვევამდელის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებისა და სამსახურის გავლის ახალი წესი დამტკიცდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა
წვევამდელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში
მიღებისა და სამსახურის გავლის წესი.
როგორც ბრძანებაშია მითითებული, წესის მოქმედება ვრცელდება
სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მისაღებ წვევამდელებზე.
რა არის საჭირო მიღებისთვის
1. წვევამდელი სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მიიღება 18
წლის ასაკიდან, თუ ის არის საქართველოს მოქალაქე, ფლობს საქართველოს
სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი
თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული
ფუნქციები.
2. წვევამდელი სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით მიიღება
სასწავლო კურსის/პროგრამისა და სპეციალური კონკურსის გავლის
შედეგად.
წვევამდელი, სპეციალური კონკურსის გავლამდე, იგზავნება საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით
დამტკიცებული სასწავლო კურსის/პროგრამის გასავლელად სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ −
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ –
აკადემია) ან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში (ეს
არ ეხება წვევამდელებს, რომლებიც სამინისტროს სისტემაში მიღებისას,
თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ირიცხებიან აკადემიაში სპეციალურ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან აკადემიაში გავლილი აქვთ
სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების
პროგრამა/კურსი).
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სასწავლო
კურსის/პროგრამის გასავლელად იგზავნება ამავე დეპარტამენტში,
სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტსა და სტრატეგიული
მილსადენების დაცვის დეპარტამენტში მისაღები, ხოლო აკადემიაში −
სამინისტროს სისტემის ყველა სხვა დანაყოფში მისაღები წვევამდელი.
სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, მის
დანაყოფში მიღებული წვევამდელი წარუდგინოს სამინისტროს ადამიანური
რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც, თავის მხრივ, გონივრულ
ვადაში უზრუნველყოფს მის გაგზავნას შესაბამისი სასწავლო
კურსის/პროგრამის გასავლელად.
წვევამდელის მიერ სასწავლო კურსის/პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში
დასაშვებია მისი ხელახალი წარდგენა სასწავლო კურსის/პროგრამის
გასავლელად.
სასწავლო კურსის/პროგრამის ხელმეორედ ვერგავლის შემთხვევაში
წვევამდელის სპეციალური წოდებით მიღების საკითხი აღარ განიხილება.
თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წვევამდელს
სპეციალური წოდება მიენიჭება შემდეგი პირობებით: ა) იმ საშტატო
ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომლისთვისაც
მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უმცროსი
სპეციალური წოდება, სასწავლო კურსის/პროგრამის წარმატებით გავლის
შემდეგ წვევამდელს ენიჭება პირველადი უმცროსი სპეციალური წოდება, ან
უნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება; ბ) იმ საშტატო
ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნისას, რომლისთვისაც
მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი
ან უმაღლესი სპეციალური წოდება, სასწავლო კურსის/პროგრამის წარმატებით
გავლის შემდეგ წვევამდელს ენიჭება „უმცროსი ლეიტენანტის“ საშუალო
სპეციალური წოდება, ან უნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური
წოდება.
სამინისტროს სისტემაში სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი
სამსახური წვევამდელს ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის
მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება სამხედრო წოდება „რიგითი“.
საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული
მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური
დარღვევა) სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში წვევამდელს სამინისტროს
სისტემაში სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო
სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი სამხედრო
ვალდებულებისადმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
რა დათქმა ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სისტემაში სპეციალური წოდების მქონე წვევამდელზე, რომელსაც ამ
ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის არ აქვს გავლილი შესაბამისი
სასწავლო კურსი/პროგრამა იხილეთ ბრძანების სრულ ვერსიაში.
მასალის გამოყენების პირობები