კოვიდკლინიკებს, რომლებსაც დარღვევებს გამოუვლენენ, დასაქმებულებისთვის დანაკლისის ანაზღაურება დაევალება
კოვიდკლინიკებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის
ინსპექტირების სამსახური დარღვევებს გამოუვლენს, კონკრეტულ ვადებში,
დასაქმებულებისთვის დანაკლისის ანაზღაურება დაევალება.
ამის შესახებ შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა
ფერაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
„შრომის ინსპექცია იყენებს ადმინისტრაციულ სახდელებს, რაც არის
გაფრთხილება ან დაჯარიმება, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს
სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებაც თუ გაფრთხილების და
დაჯარიმების მექანიზმი არ მუშაობს. ეს აბსოლუტური უკიდურესობაა,
რომელიც შეიძლება ზოგადად რომელიმე კომპანიის მიმართ შრომის
ინსპექციამ გამოიყენოს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კლინიკებს,
მოკვლევა შეიძლება დასრულდეს გაფრთხილებით ან დაჯარიმებით, ასევე
მითითებით, რომ კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში ყველა ის დანაკლისი,
რომელიც დასაქმებულების მიმართ არსებობდა, ანაზღაურდეს. ჩვენ არ
ვახორციელებთ სადამსჯელო ღონისძიებას, გვინდა იმ ბენეფიტებით, რომელიც
სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებულებს აქვთ, რეალურად ისარგებლონ.
შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება, დავაჯარიმებთ თუ
გავაფრთხილებთ კლინიკას, მას აუცილებლად მივცემთ მითითებას, რომ
კონკრეტულ ვადაში დასაქმებულებს დანაკლისი აუნაზღაურონ. ეს არის
შედეგი, რომელიც გვინდა მიღწეულ იქნას",- განაცხადა ფერაძემ.
ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ
მოკვლევის დასრულების შემდეგ კუთვნილ ანაზღაურებას დაახლოებით, 7500
დასაქმებული მიიღებს.
"ამ ეტაპზე შესწავლილია 7 ათასზე მეტი პერსონალი, თუმცა, გრძელდება
დოკუმენტების შესწავლა და შესაძლოა, ეს რაოდენობა გაიზარდოს 8-9
ათასამდე. საბოლოოდ, საკითხი არანაკლებ 7500 ადამიანის შრომით
ურთიერთობას შეეხება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 7500-ვე
ინდივიდუალურად ფასდება. გადამოწმება მოხდება ყველა შრომითი
ურთიერთობის მაშინ, როცა რეინსპექტირებაზე შევალთ ამა თუ იმ
კლინიკაში",- განაცხადა ფერაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, მოკვლევის შედეგები სავარაუდოდ, ოქტომბერში
გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები