შრომის ინსპექტირების სამსახური სამედიცინო დაწესებულებებს შეამოწმებს
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახური ქვეყნის
მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს. ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს" შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა,
ბექა ფერაძემ განუცხადა.
როგორც ფერაძემ აღნიშნა, 111 კოვიდკლინიკის შემოწმების შემდეგ შრომის
ინსპექტირების სამსახური სხვა კლინიკებსაც შეამოწმებს, რათა დაადგინოს
არის თუ არა ამ კლინიკებში დარღვევები დასაქმებულთა შრომის
ანაზღაურების კუთხით.
„ჯერ სრულად უნდა გავაანალიზოთ პრობლემები, რა ტიპის პრობლემა
გვხვდება ამა თუ იმ კლინიკაში, რაც შესაძლოა, გახდეს საფუძველი არა
მხოლოდ კოვიდკლინიკების, არამედ ზოგადად ყველა კლინიკის შესწავლის.
ვგეგმავთ კიდეც ამას, რომ ყველა კლინიკა შევისწავლოთ იქ არსებული
შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით. საბოლოო სურათის შესაბამისად,
ალბათ, სამინისტროში გარკვეული მსჯელობა იქნება ამ პრობლემების
გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე არ შემიძლია ვარაუდი
გითხრათ, მინიმალური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით იქნება თუ
არა მსჯელობა. ცხადია, ჩვენ სამინისტროს გავაცნობთ ამ პოზიციებს.
უშუალოდ პოლიტიკის განსაზღვრა კი შემდგომი პროცესია, რომელიც შრომის
ინსპექციის კომპეტენცია ვერ იქნება“, - განაცხადა ფერაძემ.
ფერაძე კოვიდკლინიკებს მსგავსად, არ გამორიცხავს, დარღვევების გამო
სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც მიეცეთ გაფრთხილება, დაჯარიმდნენ,
ან მუშაობის გაგრძელების უფლება შეეზღუდოთ.
„ადმინისტრაციული სახდელი დაიდება ყველა კლინიკის მიმართ, სადაც
დარღვევები იქნება. თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
გულისხმობთ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ჩვენ საკითხს შევისწავლით,
დარღვევები თუ დაფიქსირდება, გავცემთ მითითებას, ან დავავალებთ
კომპანიას, რომ აანაზღაუროს ყველა ის დანაკლისი, რომელიც ამ პროცესში
უნდა ყოფილიყო. შედეგზე მაინც გავდივართ.
კოვიდკლინიკების გარდა, სხვა კლინიკების შემოწმებასაც ვგეგმავთ,
თუმცა, როდის დაიწყება ეს პროცესი საკითხი გადაწყვეტილი არ არის,
შესაძლოა, პარალელურ რეჟიმში შევამოწმოთ ან კოვიდკლინიკების
შემოწმების დასრულების შემდგომ. ეს არ არის გრძელვადიანი პერსპექტივა,
როცა ამას დავასრულებთ, გადავალთ სხვა კლინიკების შემოწმებაზე“, -
განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები