ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა - ეკატერინე ტიკარაძე
60 წელზე ზევით მოსახლეობის მცირე ნაწილი არის ვაქცინირებული,
ჩვენთვის კრიტიკულია სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან
მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა არის ძალიან
მაღალი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე
ტიკარაძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოლოდინი, რომ
ვაქცინაციის ტემპი დაიკლებდა არსებობდა, შესაბამისად, ამ მიმართულებით
პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა.
„მოლოდინი, რომ ამ პერიოდისთვის ვაქცინაციის ტემპი შედარებით
დაიკლებდა გვქონდა. ამასთან მიმართებაში, გვაქვს კომუნიკაცია
პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, რომლებმაც უნდა აწარმოონ არამხოლოდ
კომუნიკაცია, არამედ ახსნა-განმარტება და საინფორმაციო კომუნიკაცია
მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის ტემპს.
გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან,
რომლებსაც გაცემული აქვთ დავალებები და მითითებები თუ როგორი უნდა
იყოს მათი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე გვაქვს ზუსტი ხედვა თუ
რომელ რეგიონში და რომელ უბანზე არის დაბალი აქტივობა, რითიც
ხელმძღვანელობენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები. ასევე, 60 წელზე ზევით
მოსახლეობის მცირე ნაწილი არის ვაქცინირებული. ჩვენთვის კრიტიკულია
სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან მათი ჰოსპიტალიზაცია,
რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა არის ძალიან მაღალი. თუ არ მოხდა
ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა, შემდგომი ტალღის პერიოდშიც გვექნება
გადატვირთული ჰოსპიტალიზაცია და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი.
დღესდღეობით 60 წელზე ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელია
21%-ია, რაც ძალიან დაბალია. პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტივობა
არის სწორედ ამ ჯგუფზე მოთხოვნილი“, - აღნიშნა მან.
მინისტრის ინფორმაციით, სავალდებულო ვაქცინაციაზე გადასვლა არ
იგეგმება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს გამოყენებული
საკონსულტაციო რესურსი. მისივე განცხადებით, ვაქცინაციის კამპანიას
არაერთი დადებითი და უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თუმცა აცრის
მაჩვენებელი მიგვანიშნებს, რომ კამპანია ცუდად არ იყო ჩატარებული.
„ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა,
ვინაიდან მნიშვნელოვანია ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ის
საკონსულტაციო რესურსი, რომელიც გაგვაჩნია. ყველამ ვიცით, რომ
ვაქცინაციის კამპანიას არაერთი დადებითი და უარყოფითი შეფასება
მოჰყვა, თუმცა ყველა გადადგმული ნაბიჯისას ჯანდაცვის სამინისტროს
ჰქონდა კომუნიკაცია არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან და სწორედ მათი
ინტენსიური ჩართულობით იგეგმებოდა ეს კამპანია“, - აღნიშნა ეკატერინე
ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები