დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან
გამყრელიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა დაიკლო და
ასევე შემცირდა პირბადის ტარების მაჩვენებელიც.
მისივე თქმით, თუ ყოველდღიურად აცრების რაოდენობა არ გააქტიურდება და
მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, ეს შესაძლოა, ეპიდსიტუაციის
გაუარესების მიზეზი გახდეს.
„ყველა ინდიკატორი, რომლითაც ეპიდსიტუაცია ხასიათდება, ვგულისხმობ
ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს 100 ათას მოსახლეზე, ბოლო 7-14
დღის დადებითობის მაჩვენებელს რეპროდუქციის ინდექსს, უკვე გამოჩნდა
კლების ტენდენცია, მათ შორის ყველაზე მძიმე
ინდიკატორის-სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ყველა ეს ეს ინდიკატორი
ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო
4 დღეა ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან
ცუდია, რადგან სტაბილიზაციის დინამიკა გარკვეულწილად დამოკიდებული იყო
აცრების შედარებით მაღალ მაჩვენებელთან, რაც აგვისტოში და სექტემბრის
პირველ ნახევარში გვქონდა. გასაგებია, რომ კიდევ უფრო მეტი გვინდოდა,
მაგრამ საშუალოდ 23-24 ათასი დღიური აცრა გვქონდა. სამწუხაროდ, ბოლო 4
დღეა გამოჩნდა კლების დინამიკა და ასევე, პროგნოზულად როცა ვუყურებთ
ჯავშნის პორტალზე მაჩვენებელს, სამწუხაროდ, აქაც კლების დინამიკაა
გამოხატული, რაც კარგი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან განმარტა, ზამთრის მოახლოებამდე, აუცილებელია, რომ
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვაქცინირებული იყოს. ამირან გამყრელიძე
მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან აქტიურდებიან სხვადასხვა
რესპირაციული ვირუსები, იქნება ეს გრიპი, ადენოვირუსი, რინოვირუსი თუ
სხვა, ეს მოსალოდნელია. ამიტომაც მოვუწოდებთ მოსახლეობას, ოქტომბრის
ბოლომდე მაქსიმალურად აიცრან, რომ ამ ცივ პერიოდს უფრო მდგრადი
საზოგადოებრივი იმუნიტეტით შევხვდეთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება
აცრილი ცივ პერიოდამდე, შემდგომ ტალღებს, თუ იქნება, უფრო იოლად
გადავიტანთ. ამიტომ, მთავარი მოწოდებაა, რომ წავიდნენ ადამიანები და
აიცრან. აცრების დინამიკის ქვემოთ სვლა შესაძლოა, მომავალში
ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი საწინდარი გახდეს “,-განაცხადა
გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები