სამართლიანმა არჩევნებმა წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში მოამზადა
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში მოამზადა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ, სამსახურიდან სავარაუდოდ
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 15 ფაქტი
გამოვლინდა, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 11,
ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13, სოციალური
ქსელით აგიტაციის – 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 4, მოქმედი
თანამდებობის პირების კამპანიის – 8 ფაქტი გამოვლინდა.
ანგარიშის მიხედვით, ასევე გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ,
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში
ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით.
ასევე, გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული
პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად
იძულების შემთხვევები.
“დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის
მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში
გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე
უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე
ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა,
რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების
თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით
აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი,
რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ
დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის
წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც
მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების
პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“,
„ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო
კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ.
საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს
საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში
დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს,
საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა
არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში,
დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის
ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და
მიკერძოების გამო“, – ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები