იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტომ, შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის
შედეგად, ახალი სერვისი დანერგა.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა იმ
მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ
დადგენილი. სიახლე აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაძლებლობას
მისცემს, მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების
ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა შესაძლებელია თუ
მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას
წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის
მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე
პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი. მისივე მოთხოვნის
საფუძველზე, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და
მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით;
ასევე, თუ მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) აქტიურ
ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნას შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი
სტატუსის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს
იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმპ-ის სტატუსის
შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა. უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ
პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო
დღის ვადაში დაიტანება.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეცვლის შემთხვევაში,
მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია, წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი
და მოწმობაზე კვლავ ასახოს სტატუსის შესახებ ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები