აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება ონლაინ ფორმატშიც შესაძლებელი იქნება
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის
დამტკიცების შესახებ“ კანონს ორი პუნქტი დაემატა, რომელიც საჭიროების
შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგთა ონლაინ ფორმატში გადამზადებას
ითვალისწინებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ 13
აგვისტოს ხელმოწერილ და 16 აგვისტოს გასაჯაროებულ ბრძანებაში
ვკითხულობთ, კანონის მე-5 და მე-6 პუნქტებს დანართები დაემატა, რაც
დისტანციური ტრენინგების დეტალურ გეგმას მოიცავს.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში დატანილია, ტრენინგის დეტალური გეგმა,
შეფასების სისტემა, კრიტერიუმები და ტრენინგის ჩატარებისთვის
დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები. ტრენინგ-მოდულს, რომელიც
აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების
სავალდებულო ეტაპს მოიცავს, 66 საკონტაქტო საათი ეთმობა – 33
ორსაათიანი სესიებით. საკონტაქტო საათების დაცვა, ონლაინ ტრენინგის
შემთხვევაშიც დროს სავალდებულოა. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა
20.
სერტიფიკატის მისაღებად მონაწილემ უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი
მოთხოვნები: დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს
მინიმუმ 60 ქულა. ამასთან, მონაწილემ შეფასების თითოეულ კომპონენტში
უნდა დააგროვოს მაქსიმალური შეფასების მინიმუმ 60%. მონაწილე ფასდება
100-ქულიანი სისტემით, 4 კომპონენტის მიხედვით.
მონაწილის აქტიურობა. მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12
ქულა).
მონაწილის პორტფოლიო. მაქსიმალური შეფასება – 40 ქულა (ზღვარი 24
ქულა).
პრეზენტაცია. მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი 12 ქულა).
ტესტი (დახურული შეკითხვები) მაქსიმალური შეფასება – 20 ქულა (ზღვარი
12 ქულა).
ტრენინგის წარმატებით გასავლელად მონაწილემ ჯამური შეფასებით
100-ქულიდან უნდა დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.
მასალის გამოყენების პირობები