ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კოვიდის
მიზნებისთვის გამოსაყენებელი საწოლფონდის მაქსიმუმი საქართველოში 8
000 საწოლია, რასაც ყოველდღე დაემატება ასევე კოვიდსასტუმროები.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე
ჰოსპიტლებში ჯამურად 6799 საწოლია მობილიზებული.
„33 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ქმნის სერიოზულ გამოწვევას ჯანდაცვის
სექტორისთვის. 25 000-მდე პაციენტი მკურნალობს ბინაზე, ნაწილი
მკურნალობს სასტუმროებში და 6040 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტლებში.
აქედან 1227 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 257 პაციენტი
დილის მდგომარეობით იყო რეანიმაციის განყოფილებაში. რომელსაც სჭირდება
მართვითი სუნთქვა. სულ მთლიანად, ჯამურად მობილიზებულია 6799 საწოლი
ჰოსპიტლებში, ასევე ყოველდღიურად ემატება მობილიზებული
კოვიდსასტუმროების რაოდენობა. განსაკუთრებით თბილისია საყურადღებო,
რადგან მეტი დატვირთვა და შემთხვევების გამოვლენა უპირატესად
თბილისში, 2 000-ზე მეტი შემთხვევაა“, - განაცხადა თამარ
გაბუნიამ.
მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით ჯანდაცვის სექტორი
სიტუაციას მართავს, შესაძლო შეზღუდვების შემოტანის გადაწყვეტილება კი
იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება კოვიდპანდემიის გავრცელების
დინამიკა:
„დამატებითი მობილობის შეზღუდვა შეიძლება ისევ დადგეს დღის წესრიგში,
თუ ჰოსპიტალური სექტორის და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება
კრიტიკული. ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს იმის რესურსი, რომ
მზარდი შემთხვევები მართოს როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში.
მათემატიკურ ფორმულაში ამის გადაყვანა ძალიან რთულია, მომდევნო კვირის
განმავლობაში ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები, ანალიზი და ამის
შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ მობილობის სხვა ტიპის რეგულაციაზე“, -
განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები