პოლიციამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა უპასუხოს
ამოცანებს. ამის შესახებ, საქართველოს შინაგნ საქმეთა მინისტრმა,
ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა ანალიზზე დაფუძნებული
საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიმართულებით.
„შემუშავებულია განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის
მიხედვითაც, 2025 წლისთვის, ანალიტიკური ქსელი უნდა დაინერგოს მთელი
ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ პერიოდში დაიხვეწება ანალიზზე
დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის
საჭირო სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა.საპოლიციო რესურსების
სწორად და ეფექტიანად გადანაწილების, ოპერატიული რეაგირების
მონიტორინგისა და შემადგენლობის მუშაობის შეფასების მიზნით მუშავდება
ელექტრონული დისპეტჩერიზაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც
სტრატეგიული და ტაქტიკური ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვასა და
ანალიტიკური მონაცემების ფიქსაციასაც გულისხმობს. დაინერგება
დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც
მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური
საშუალებით, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად,
ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება
კრიმინოგენულ-საინფორმაციო რუკა. მოხდება დანაშაულის შემთხვევების,
სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო ეკიპაჟების გადაადგილებისა და
სტრატეგიული ობიექტების ელექტრონულ რუკაზე ასახვა. ელექტრონული რუკა
გაზრდის პოლიციის მხრიდან ინფორმაციაზე წვდომის ოპერატიულობას, რაც,
თავის მხრივ, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში ყველა საჭირო
ინფორმაციის მოძიებასა და აღქმას.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 2025-2030 წლებისთვის,
კონკრეტულ ლოკაციებზე იგეგმება, სხვადასხვა სახის ჭკვიანი კამერების
განთავსება, რომლებიც დაფიქსირებული არაორდინარული ქცევის, აგრეთვე,
ხმის დეტექციის მიხედვით გასროლის იდენტიფიცირებისას შეტყობინებებს
გადასცემს პოლიციის შესაბამის დანაყოფებს“, – განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები