2030 წლისთვის ყველა რეგიონში იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანის თქმით, 10 წლის თავზე საქართველოს ყველა რეგიონში
იარსებებს სულ მცირე 1 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი სპორტის
ძირითადი სახეობების განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბაკურიანში იმუშავებს 2025
წლის ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული სპორტული
კომპლექსი, სპორტის სხვა ძირითადი სახეობების სასწავლო-საწვრთნელი,
სამედიცინო და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურით.
„გვინდა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია სპორტის
სხვადასხვა სახეობის მხრიდან ხორციელდებოდეს კოორდინირებულად და
ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით. ჩვენ უკვე დავიწყეთ სპორტულ
ფედერაციების უკეთესი მართვის პრინციპზე მუშაობა პარლამენტის სპორტის
კომიტეტთან ერთად. ვფიქრობთ, რომ 10 წლის თავზე ქვეყნის მასშტაბით
სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მინიმუმ 300 მილიონი ლარი იქნება დახარჯული
და ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ სპორტი იყოს არა მხოლოდ მაღალი
მიღწევებისთვის, არამედ სპორტი იყოს ყველასათვის და ჯანმრთელი
ცხოვრების წესისათვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან ასევე სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის
განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს სურს,
განათლების სამინისტროსთან ერთად მთავრობისა და პარლამენტის
ხელშეწყობით შეძლოს სკოლებსა და ბაღებში სპორტული და ფიზიკური აღზრდის
ელემენტების დაბრუნება.
„ამისათვის ჩვენ გვინდა, რომ მოქმედებდეს კლასგარეშე და სასკოლო
კლუბების სისტემა, სტუდენტური საუნივერსიტეტო ლიგების სისტემა და
ყოველწლიურად გავმართოთ ახალგაზრდული ეროვნული თამაშები სხვადასხვა
სახეობაში. ასევე გვინდა, რომ მოქმედებდეს ახალგაზრდა პერსპექტიული
სპორტსმენების აღმოჩენის, შერჩევისა და მათი სპორტული განვითარების
მექანიზმები. მაგალითად, ჩვენ შევხვდით ჭადრაკის ფედერაციის
ხელმძღვანელობას. ჩვენი ქალი მოჭადრაკეები მსოფლიოს ჩემპიონები არიან
და ჩვენ გვჭირდება, რომ აღმოვაჩინოთ მომავალი ნონა გაფრინდაშვილები“,
- აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები