ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 5-6 ივლისის
მოვლენები სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად
შეაფასა. მისივე თქმით, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური
ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ქვეყანაში ვერასდროს
შედგება.
„ვნახეთ, რომ სცადეს ეს ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური
მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა
გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური
მიზნების მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა
ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით
დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც მისი ცემის საქმეში
იყო ჩართული. მინდა განვაცხადო კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერი ძალადობა
არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით
ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა პირობა დადო, რომ ყველა მოძალადე სამაგალითოდ
დაისჯება.
„ასევე მინდა გითხრათ ჩემი შეფასება, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი
აღნიშნული ე.წ. აღლუმის ჩატარების. ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია. მე
ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს
ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომელიც შესაძლოა ჩატარდეს
განსხვავებული აზრის გამოსახატავად არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია,
რომელიც პოლიციამ შესთავაზა, ლგბტ თემის წარმომადგენლებს“, -
განაცხადა მან.
„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია
პარლამენტის შენობის წინ კვირას, 11 ივლისს გამართეს მედიის
წარმომადგენლებმა. 11 ივლისს, დილით, ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს
ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“
ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მის გარდა, 5 ივლისს 50–ზე
მეტ ჟურნალისტს და ტელეოპერატორს სცემეს„ ღირსების მარშის“
კონტრაქციის მონაწილე ძალადობრივმა დაჯგუფებებმა.
მასალის გამოყენების პირობები