საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ფერმერები, რომელთა
პირუტყვის დაცემა ჯილეხით იქნება გამოწვეული, სახელმწიფოსგან ფინანსურ
კომპენსაციას მიიღებენ.
ცვლილების განხორციელება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი
მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
„2022 წლის პირველი იანვრიდან, ჯილეხით დაცემულ საქონელზე
კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის ფერმერები, რომელთა პირუტყვიც
იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნებით; თუ ინფორმაცია ცხოველისა და
ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის
ელექტრონულ სისტემაში (NAITS) და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი
ცხოველის ვაქცინაციაზე. ასევე, კომპენსაციის მისაღებად, ცხოველის
მფლობელი/მომვლელი ვალდებულია: ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან
სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ
სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების
გატარება.
მსგავსი შეტყობინების მიღების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტო
ადგილზე შეისწავლის ვითარებას, აიღებს ნიმუშებს და მუნიციპალური
ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი ცხოველის
შესაბამისი წესით განადგურებას. კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის
შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.“ - აცხადებენ სურსათის
ეროვნული სააგენტოში.
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის
ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განცხადებით, ახალ სტრატეგიას აქვს ორი
მნიშვნელოვანი მიზანი: ფერმერებმა არ დამალონ ცხოველების დაავადების
და დაცემის ფაქტი, ასევე ის, რომ შემცირდეს ზიანი, რომელსაც განიცდიან
სახელმწიფო და ფერმერები ჯილეხის შემთხვევების შედეგად.
მისივე განმარტებით, ამჟამად, მიმდინარეობს საკომპენსაციო მექანიზმის
და ფინანსური ანგარიშსწორების კრიტერიუმების შემუშავების პროცესი.
ცნობისთვის, ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა,
რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან.
ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის
შემთხვევაში კი შედეგი ფატალურია. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად
დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან
დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების
განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება.
მასალის გამოყენების პირობები