ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
პრეზიდენტის სასახლეში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის
წარმომადგენლების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა.
შარ მიშელის დოკუმენტს, რომლიც ხუთ პუნქტს მოიცავს ხელი „ქართულმა
ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძე, შალვა პაპუაშვილი) „ლელომ“ (ბადრი
ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), „სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი
ვაშაძე), „გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილი), „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“
(ზურა ჯაფარიძე), „რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძე) და
„მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილი) მოაწერეს. გარდა ამისა, დოკუმენტს
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით
ბაქრაძემ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის
ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის
ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება
კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის
პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას
შეეხება.
გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ
მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და
(საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები
რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის
მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.
„ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად,
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ
შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული
ხმების 43%-ზე ნაკლებს“.
შეთანხმების მიხედვით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. „პარტიები
აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და
თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ
არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული
საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა
და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან
გამომდინარე“.
ამ ეტაპზე დოკუმენტს ხელს არ აწერენ “ლეიბორისტული პარტია”, “ევროპული
საქართველო”, ასევე “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ოპოზიციურ
პარტიებს შორის ყველაზე მეტი მანდატი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები