სკოლაში ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების საკითხზე კანონში ცვლილება
შევიდა. ახალი ბრძანების თანახმად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს
სტატუსი შეუჩეროს თუკი ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ
გამოცხადდება სკოლაში.
ასევე არ მიიღებს მონაწილეობას დისტანციური სწავლების სრულად
ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს
შეფასებას.
განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით,მოსწავლის მხრიდან სკოლის
ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის
დამრიგებელი ვალდებულია მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ
სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო
პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებების შესახებ, აღნიშნულ
ინფორმაციას მოთხოვნის შემთხვევაში სკოლა საგანმანათლებლო
რესურსცენტრს წარუდგენს.
ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, სკოლა ვალდებულია კლასის
დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური
მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),რომელიც ორი დღის ვადაში
მიზეზების გასარკვევად მოსწავლის ოჯახში მივა.
ბრძანების მიხედვით, სკოლის მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება
შესაძლებელია მაშინ, როცა მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის
შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის
შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და
საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ
მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები.
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის
მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს
რეფერირება შესაბამის ორგანოში.
მოსწავლის სტატუსის შეჩერების ერთ–ერთი საფუძველი შესაძლოა იყოს,
როდესაც სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დასძლია
ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული
ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.
მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა
ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და
არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი
წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.
მასალის გამოყენების პირობები