კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება
დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის
მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, ასეთია:
რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის
გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8
მარტიდან; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე
კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ
თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული,
ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ
ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის
აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან; კონფერენციები და ტრენინგები
შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან; მუზეუმები
და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან;
საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, ქვეყანაში
ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ
შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს
საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR
ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ელი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.
სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნდება დღეს მოქმედი
რეჟიმი.
ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;
რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ეტაპს:
სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე
ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან
განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; სასკოლო წრეები ასევე განახლდება
15 მარტიდან;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და
ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად
აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის
დასწრებით) 1-ელი აპრილიდან;
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება
როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები მუშაობას განაახლებენ 8
მარტიდან.
მასალის გამოყენების პირობები