მარტში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე- ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია
თურნავამ, ის სფეროები დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც, მთავრობა
არსებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმუშავებს.
„ მოხარული ვარ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ გაკონტროლების
კვალდაკვალ, მოგვეცა შესაძლებლობა, თებერვალი შემსუბუქებასთან
ყოფილიყო ასოცირებული. პრაქტიკულად, თითო კვირა გარკვეული
შემსუბუქებით იწყებოდა. ჯერ კიდევ, მნიშვნელოვანი სექტორები რჩება
შეზღუდვის ქვეშ. ჩვენ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, ინსტიტუციურად,
მიდრეკილნი ვართ გახსნისკენ, ვიდრე - შეზღუდვისკენ. ვფიქრობ, რომ
უახლოეს პერიოდში, კვლავ დავსვათ განსახილველად დარჩენილი
ინდუსტრიების გახსნის საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფრთხილად
მოხდება. რაც შეეხება პრიორიტეტებს - ჩემი მოკრძალებული აზრით,
პირველი პრიორიტეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. მნიშვნელოვანია
რესტორნების შიდა სივრცეების საკითხი; ასევე, სასტუმროების
შემთხვევაში, საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმებამდე მივედით, თუ
როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება.
ფიტნესცენრები და კერძო საბავშვო ბაღები კვლავაც დახურულია. ვფიქრობ,
შემდეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ მარტში, უნდა ვიმსჯელოთ ამ დარჩენილი
დარგების გახსნაზე. ყველაზე მტკივნეული საკითხია ზამთრის კურორტები,
რადგან აქ ბუნებრივი „დედლაინიც“ არსებობს - იწურება ამ კურორტების
გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი. ჩემი აზრით, კვლავაც შეიძლება,
მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი,
თუნდაც - საბაგიროების გახსნის გარეშე, თუ ეს ყველა ეპიდემიოლოგიური
ნორმის დაცვით მოხდება. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მე განსახილველად
დავაყენებ, ეს იქნება“ - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები