„გაცნობებთ, რომ გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 03.02.2021-ში
09:00 საათიდან შეწყდება გაზის მოწოდება, რომლის აღდგენაც დაიწყება
04.02.2021-ში 18:00 საათიდან ეტაპობრივად.
გთხოვთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ჩაკეტილ მდგომარეობასში იქონიეთ
გაზის დანადგარები და ონკანები,“ - ეს შეტყობინება გუშინ სოკარ ჯორჯია
გაზის გურჯაანის აბონენტების დიდმა ნაწილმა მიიღო, რასაც მათი
უკმაყოფილება მოჰყვა.
აღშოთებულმა მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი
გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ კომპანია არასწორად მოიქცა, როდესაც
აღნიშნული სამუშაოები ზამთარში დაგეგმა.
იმის გასარკვევად, თუ რა გახდა სამუშაოების განხორციელების მიზეზი,
speqtri.ge კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“ დაუკავშირდა, სადაც
განაცხადეს, რომ ქალაქ გურჯაანის გარდა, გაზის მიწოდება სოფლების
ნაწილსაც შეუწყდება.
„გურჯაანის რაიონში შპს "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს შემოვლითი გზის
მშენებლობას. სამუშაოების ჩატარების დროს ხელი შეუშალა გაზსადენმა,
რის გამოც მოითხოვეს გაზსადენის გადატანა. ჩვენგან გამოუკიდებელი
მიზეზების გამო მოხდა გაზსადენის გათიშვა.
დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის
3 თებერვლის 09:00 საათიდან 4 თებერვლის 18:00 საათამდე გურჯაანის
მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ ვეჯინის, სოფელი
გურჯაანის, ქალაქ გურჯაანის, ძირკოკისა და ჭანდრის აბონენტებს.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე
ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და
აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში
არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის
დანადგარები.“ - აღნიშნეს კომპანიაში.
მათივე განმარტებით, დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ
დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114.
მასალის გამოყენების პირობები