მეფუტკრეთა გაერთიანება გადაცემა "მასტერშეფისგან" შეცდომის გამოსწორებას ითხოვს
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, რომლის ქოლგის ქვეშ საქართველოში
რეგისტრირებული 13 დარგობრივი ორგანიზაცია/ასოციაციაა გაერთიანებული,
საზოგადოებრივ მაუწყებელს ღია წერილით მიმართავს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის
შოუში, „მასტერშეფი“, ჟიურის წევრის ლუკა ნაჭყებიას მიერ თაფლის
ინდუსტრიის, დიდ აფიორად მოხსენებამ თაფლის „არასასარგებლო და
ღირებულების არმქონე“ პროდუქტად და „ყველაზე დიდ ალერგენად“
მოხსენებამ, თაფლის მწარმოებლებისა და მისი მომხმარებლების დიდი
აღშფოთება გამოიწვია.
წერილში ნათქვამია, რომ ეთერში გასულმა ამ განცხადებამ დარტყმის ქვეშ
დააყენა ის 8000 ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა
შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო მეფუტკრეობაა.
-"ქართული თაფლს 7000 წლიანი ისტორია აქვს; ქართული ფუტკარი მსოფლიოში
ერთ-ერთი საუკეთესოა; მეფუტკრეობა ჩვენი სოფლის მეურნეობის ის დარგია,
რომლის გადარჩენისთვის სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მიერ
დიდი რაოდენობით თანხები იხარჯება; თაფლი (თევზთან ერთად) ის პირველი
პროდუქტია, რომლის ევროპაში ექსპორტის უფლებაც საქართველომ მიიღო;
თაფლის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე უამრავი სამეცნიერო
კვლევაა გაკეთებული და ამის მტკიცება ჩვენი მხრიდან „ღია კარის
მტვრევად“ მიგვაჩნია, რადგან ამაზე არავინ დავობს; მაშ, რატომ
გამოიწვია ასეთი აღშფოთება ერთი ადამიანის ნახევარწუთიანმა
განცხადებამ? იმიტომ, რომ ახალა, COVID19-ის გამო დაპაუზებული
ექსპორტის პირობებში, ქართული თაფლის ერთადერთი ბაზარი შიდა ბაზარია,
ანუ ის ადამიანები, რომლებიც საზმაუს და მის ერთ-ერთ ყველაზე
რეიტინგულ გადაცემას „მასტერშეფს“ უყურებენ და უჯერებენ.
საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია შინაარსობრივი ვალდებულებები (მუხლი
16), მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი
ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს
შეცდომები (მუხლი 52), საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია ასევე მთელი
რიგი პროგრამული შეზღუდვები (მუხლი 56), რომ დისკრიმინაცია არ მოხდეს
ამა თუ იმ საზოგადოების ნაწილის და მისი საქმიანობის. ასევე
დაუშვებელია ადამიანის ქვეცნობიერებაზე ზემოქმედება, რაც გადაცემაში
ჟიურის მიერ გაკეთდა (მუხლი 57),"- ნათქვამია განცხადებაში.
მეფუტკრეთა ასოციაციის მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის
შესახებ კანონის შესაბამისად, მოხდეს რეაგირება. რეაგირება კი
მიმართვის მიხედვით, შემდეგში მდგომარეობს:
1. „მასტერშეფის“ ეთერში გასვლისას, სარეკლამო ჭრებში, სოციალური
რეკლამისთვის განკუთვნილი დრო დაეთმოს ქართული თაფლის და ქართული
მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციას.
2. „მასტერშეფის“ ამ სეზონის ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთდეს „თაფლის
ტური“, რაც ამ გადაცემის ფორმატში სრულიად ჯდება, რადგან გაკეთებული
აქვთ ტარხუნის, მწვადის, ხინკლის, ბურგერის და ა.შ. ტურები.
მასალის გამოყენების პირობები