თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოცემული ბრძანების
თანახმად, კორონავირუსის მომეტებული შემთხვევების გამო, თავდაცვის
ძალებისთვის რეგულაციები მკაცრდება.
რეგულაციები საკონტროლო გამშვებ პუნქტებში თერმოსკრინინგის
გამკაცრებას, პირბადეების ტარებას და სხვა შეზღუდვებს
ითვალისწინებს.
„1. საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული
ინფექციის (COVID-19) შემთხვევების გავრცელების მატებასთან
დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული და საქართველოს თავდაცვის
სამინისტროში გამოცემული რეგულაციების საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემაში შესრულებასთან დაკავშირებით, გატარდეს შემდეგი
ღონისძიებები:
ა) გამკაცრდეს საკონტროლო გამშვებ პუნქტებში თერმოსკრინინგი;
ბ) რეგულარულად განახლდეს დეზინფექტანტით შენობების შესასვლელებთან
განთავსებული დეზობარიერები და ხელის სადეზინფექციო დისპენსერები;
გ) სავალდებულო გახდეს ყველა ტიპის დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის
ტარება;
დ) განხორციელდეს ყველა ტიპის დახურული საყოფაცხოვრებო სივრცის
(საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების) ბუნებრივი ან/და ხელოვნური
უწყვეტი ვენტილაცია;
ე) განხორციელდეს ხელსაბანების ცხელი წყლით უზრუნველყოფა, ასევე ხელის
დასაბანი და გასამშრალებელი ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება,
მუნიციპალური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების დროულად დაცლა
და დეზინფიცირება;
ვ) უზრუნველყოფილ იქნეს შენობებისა და საცხოვრებელი სათავსების
მოაჯირების, კარის სახელურებისა და ხშირად გამოყენებული ზედაპირების
სველი წესით რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარით ხშირი დამუშავება;
ზ) უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი
პერიოდის განმავლობაში ახალი კორონა ვირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული
ინფექციით (COVID-19) ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირების
გადაყვანა თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, პჯრ
ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით,
განხორციელდეს მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა
(არანაკლებ 2 კვირის), ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში,
ხელმძღვანელი პირების მიერ მათი სამსახურში გამოძახება;
თ) შვებულებაში გასაშვებ პირად შემადგენლობას ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი
და მიეცეს რეკომენდაცია საეჭვო და რისკის შემცველ ზონაში, მათ შორის
ეპიდკერებში მოგზაურობა/გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით;
ი) ეპიდაფეთქების კერიდან დაბრუნებული პირადი შემადგენლობა გადაყვანილ
იქნეს თვითიზოლაციაში ქვეყანაში არსებული რეგულაციებით დადგენილი
წესის შესაბამისად და თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ, პჯრ
ტესტირების უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით,
განხორციელდეს მონიტორინგის პირობებში დისტანციურად საქმიანობა
(არანაკლებ 2 კვირის), ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში,
ხელმძღვანელი პირების მიერ მათი სამსახურში გამოძახება.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს,
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო (მათ შორის
ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ) პირს
დაევალოს:
ა) საყოფაცხოვრებო სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში)
აუცილებელი სოციალური დისტანციის (არანაკლებ 2 მეტრის) დაცვა;
ბ) მწვავე რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომების
გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფროსს/ ხელმძღვანელს
ან/და სამედიცინო სამსახურს;
გ) ახალი კორონა ვირუსით (SARS-Cov-2) გამოწვეული ინფექციით
(COVID-19) ინფიცირებულთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტის არსებობის
შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს/ხელმძღვანელს ან/და
სამედიცინო სამსახურს;
დ) საეჭვო და რისკის შემცველ ზონაში, მათ შორის ეპიდკერებში
შვებულების/მოგზაურობის/გადაადგილების შემთხვევაში, წარუდგინოს
ხელმძღვანელს პჯრ ტესტირების შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს
დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ
ამ ბრძანების მიზნების გათვალისწინებით შესაბამისი სამართლებრივი
რეგულაციების შემუშავება და პირადი შემადგენლობისთვის გაცნობა.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის,
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო (მათ შორის
ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული) პირების
თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოს
თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის
დეპარტამენტის სამხედრო მართვის ცენტრს, აღნიშნული პირების
თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დაცვის კონტროლი დაევალოს საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს
თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო
თანამშრომელთა მხრიდან თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დაცვაზე
მონიტორინგი განხორციელოს უშუალოდ ხელმძღვანელმა.“-ნათქვამია
ბრძანებაში .
მასალის გამოყენების პირობები