რა ინფორმაციის განთავსება აიკრძალება პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში
პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის
შემცველი ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება.
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის
თავმჯდომარე, სოფო კილაძე Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ცვლილებათა პაკეტი
ითვალისწინებს რეგულაციებს და აღსრულების მექანიზმებს.
„18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა
(ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის
სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;
ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც
არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით
ხორციელდება;
გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას,
რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-
საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის
პროგრამისა);
ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან
მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან
მოწონებას;
ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების
მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის
ახსნა-განმარტებას;
თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის
პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;
ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და
სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ
სცენას;
კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის
ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის
პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;
ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან
კრიმინალს აიდეალებს;
მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.
ამასთან, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა
(ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;
ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ
გამოსახულებას;
გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს
კონტექსტით გამართლებულია;
დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან
ან მის მოხმარებასთან.
12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა
(ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;
ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.
7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი),
რომელიც შეიცავს:
ა) მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული,
დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ
ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის
მქონე სცენას ან სიუჟეტს“ , - წერს კილაძე Facebook-ზე.
მასალის გამოყენების პირობები