საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა თუ ქალაქში გზებზე
განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია - ამის შესახებ
სპეციალურ განცხადებას საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია
ავრცელებს.
ორგანიზაციამ კამერების ფუნქციონირება შემდეგ მუნიციპალიტეტებში
გადაამოწმა: ყვარელი, ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი,
ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ახალციხე, სამტრედია და მცხეთა.
-"ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც
პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული
(გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით
გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ
მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა,
რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა ან/და
გაუმართაობის შესახებ დადასტურდა. აღნიშნულს, საუბარში ადასტურებენ იმ
რაიონის მცხოვრებლები და მძღოლებიც. დიდი ალბათობით ვიდეოკამერების
მიერ არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება საგზაო მოძრაობის წესების სხვა
დარღვევებზეც, მაგრამ ასოციაციის მიერ გადამოწმდა მხოლოდ ერთი
პარამეტრი-ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელსაც არ გაუვლია
ტექ-ინსპექტირება. კანონის არაღსრულება ტექ-ინსპექტირების რეფორმასაც
უქმნის საფრთხეს, შედეგად ბოლო პერიოდში ინსპექტირების ცენტრებში
მომხმარებელთა მიმართვიანობა იკლებს შეუქცევადად,"- ნათქვამია
განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევებისა და დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა
საგანგაშოა.
-"განსაკუთრებით საგანგაშოა ვიდეოკამერების გაუმართაობა ტურისტულ
ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია (მაგალითად ქობულეთი,
ბორჯომი, სამტრედია). ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჭკვიანი კამერების“
პროგრამის დანერგვას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების
სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა
შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს
რეაგირებისკენ,"- აღნიშნულია საქართველოს ტრანსპორტისა და
გზების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები