კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კომპანიებს მიმართავს, რომ
მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქეყანაში შექმნილი
ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა
გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს.
კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში,
კომპანიებმა მოსახლეობას მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები
გაუწიონ.
„მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული
ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ
სხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას
გარკვეული შეღავათები მივცეთ და დავეხმაროთ. ყველამ ერთად უნდა
ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, განვსაზღვროთ რა
უნდა გავაკეთოთ ჩვენს სფეროში, რათა მოსახლეობას პრობლემები არ
შეექმნას და შეუფერხებლად მიიღოს სატელეკომუნიკაციო სერვისები“,-
განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურმა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომისიამ მოუწოდა
კომპანია „მაგთიკომს“ თავად შეაჩეროს 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტის
დაანონსებული გაუქმება.
„ახლა, დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი საკითხები.
კომპანიას მინდა მოვუწოდო, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და არა
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვილაპარაკოთ პაკეტების
გაძვირება-არ გაძვირებაზე, რადგან ბევრი წელია ეს პაკეტი არსებობს
ბაზარზე და მოსახლეობა მიჩვეულია მას. კომისიის პოზიცია ასეთია და
ახლა კომპანიამაც უნდა გადადგას ნაბიჯი“.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაგთიკომის მიერ
30-ლარიანი პაკეტის შემოღების საკითხის შესწავლა
გასულ კვირას დაიწყო. უწყება განიხილავდა,
25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება, იყო თუ არა
მომსახურების გაძვირება.
მასალის გამოყენების პირობები