მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდაზე 20 კმ-ის გავლა ქალაქში მოგიწევთ [Video]
როგორც უკვე ცნობილია, საკანონმდებლო კანონპროექტის თანახმად, მართვის
მოწმობის პრაქტიკული ნაწილის გამოცდა რეალურ საგზაო სივრცეში
ჩატარდება.
შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლობის
კანდიდატს დაახლოებით 20 კმ-ის გავლა მოუწევს.
B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება
შესაძლებელი იქნება ყველა იმ სერვისცენტრში, სადაც მომსახურების
სააგენტოა, გარდა თბილისისა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო,
პირველ ეტაპზე შეზღუდვა იქნება ზუგდიდსა და ფოთში. მძღოლობის
კანდიდატს წინასწარ არ ეცოდინება რომელ მარშრუტზე მოუწევს
გადაადგილება. ყველა სხვა კატეგორიისთვის გამოცდის ჩაბარება
შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუთაისსა და რუსთავში.
გამოცდის თეორიული ნაწილის მოქმედების ვადა ერთი თვიდან ერთ წლამდე
იზრდება, მინიმალური ასაკი კი 17-ის ნაცვლად 18 წელი
იქნება.
კანონპროექტში ასევე გაწერილია ახალი კატეგორიების შემოღება და
მოპედების რეგისტრაცია.
-"გვემატება AM და A2 კატეგორია. AM გულისხმობს მსუბუქი
კვადროციკლებისა და მოპედების კატეგორიას. ამის მიღება მხოლოდ
თეორიული გამოცდით იქნება შესაძლებელი. თუ მძღოლს სხვა კატეგორი უკვე
აქვს, AM ავტომატურად მიენიჭება. A2 ეს არის მოტოციკლების
კატეგორია.,"-აცხადებს მომსახურების სააგენტოს დირექტორი მარინა
მორგოშია.
კანონის ძალაში შესვლისთანავე მოპედების რეგისტრაცია დაიწყება და
აღნიშნულ ტრანსპორტს სახელმწიფო ნომერი მიენიჭება, რაც "ჭკვიანი
კამერების" მიერ აღქმადი იქნება.
საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს მთავრობამ უკვე განიხილა,
ცვლილებები პარლამენტშია გადაგზავნილი. საკომიტეტო მოსმენების
დასრულების შემდეგ მომსახურების სააგენტოს სიახლეების
დასანერგად დაახლოებით ერთი თვე დასჭრიდება.
მასალის გამოყენების პირობები