რა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს განახორციელებს თელავის მერია მიმდინარე წელს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წელს განსახორციელებელი
ღონისძებების პროგრამა დაამტკიცა. როგორც ჩვენთან საუბარში მერიის
კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა განაცხადა, ამ
მიმართულებით სულ 70 000 ლარია გათვალისწინებული.
-„ჩვენი პროგრამული ბიუჯეტი შედგება სამი ძირითადი ქვეპროგრამისგან.
პირველი მოიცავს კულტურულ ინიციატივებს, რაზედაც 12 600 ლარია
გათვალისწინებული. აქ იგულისხმება ყველა ის ღონისძება, რომელსაც წლის
განმავლობაში წარმოგვიდგენს სხვადასხვა კულტურული საინიციატივო ჯგუფი,
კონკრეტული ხელოვანი, შემოქმედებითი ჯგუფი და ა.შ. წინა წლების
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გვთხოვენ დახმარებას როგორც ადამიანური
რესურსითა და მატერიალურ- ტექნიკური ბაზით, ასევე ფინანსურადაც. მეორე
ქვეპროგრამა ესაა ფესტივალი, რომელსაც პირობითად ეწოდება „ხელოვნება
და შემოქმედება“. ამისთვის 29 900 ლარია გათვალისწინებული. ჩატარდება
შემოქმედებითი ახალგაზრდული ფესტივალი, მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი
შემოქმედებითი ააიპის ახალგაზრდები, ასევე საჯარო სკოლების ზედა
საფეხურის მოსწავლეები. მსგავსი ფესტივალი წელს პირველად გაიმართება.
მესამე ეს გახლავთ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შემეცნებით
ხასიათს ატარებს. მაღალკლასელები გაემგზავრებიან აჭარაში, არქეოლოგიურ
ბანაკში, თან დაისვენებენ და თან არქეოლოგიურ საქმიანობაში
ჩაერთვებიან. გაეცნობიან იქაურ მუზეუმებს, არტეფაქტებსა და
ექსპონატებს, თითო სკოლიდან ერთი ბავშვი ჩაერთვება პროექტში. ამ
მიმართულებით 27 500 ლარია გამოყოფილი.“
ფიქრია ყუშიტაშვილის თქმითვე, სხვა ღონისძიებებს განახორციელებენ
ასევე სახელოვნებო ააიპ-ები და კულტურის ცენტრი, რომელთაც მერია
აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები