ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად ჩუმლაყის საჯარო სკოლაც იბრძვის
უკვე რამდენიმე წელია, რაც საჯარო სკოლებისთვის ნიკო კეცხოველის
სახელობის სასკოლო პრემია ცხადდება. ამჯერად, გასულ წელს დაწყებული
პროექტი მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.
მასში მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო
სკოლის გუნდი „დეველოპერებიც“იღებს. მაისიდან დღემდე გუნდმა რამდენიმე
აქტივობა განახორციელა, რაშიც მათ სპეციალურად განსაზღვრული ქულები
მიენიჭათ.
-„აღნიშნულ პროექტში ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას ათი მოსწავლე იღებს.
ისინი დიდი ხალისითა და პასუხისმგებლობით ერთვებიან პროექტის
ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში. პროექტს 17 მიზანი აქვს,
ერთ-ერთია ტურისტული მეურნეობის განხორციელებაში ჩართვა და მისი
პოპულარიზაცია. ვიმყოფებოდით სოფელ ჩუმლაყში, გიორგი გეთიაშვილის
საოჯახო ტიპის ღვინის მარანში, რომელსაც „მრავალჟამიერი“ ჰქვია. გარდა
ამისა, პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მივმართეთ გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერიას და მედიკამენტებით დავეხმარეთ ჩვენი მოსწავლის
მშობელს, რომელიც შშმ პირია, ასევე დავუფარეთ კომუნალური
გადასახადები. დავასუფთავეთ ადმინისტრაციული შენობის ეზო, მოვაწყეთ
სპორტში მეგობრული შეჯიბრი. გამარჯვებულ მოსწავლეებს ბურთები შეუძინა
ადგილობრივმა საკრებულომ,“- ამბობს გეოგრაფიის პედაგოგი ლალი
ძულიაშვილი, რომელიც ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდს
ხელმძღვანელობს.
პროექტის მონაწილის ნათია მირველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე,
„დეველოპერების“ მთავარი მიზანია ნახევარფინალში გადასვლა.
-„ძალიან საინტერესო პროექტია, მისი მთავრი მიზანია ეკოლოგიური
საკითხები და მასთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა, რა თქმა უნდა,
აქვს სხვა მიზნებიც. სხვადასხვა აქტივობებს ჩვენივე რესურსებით
ვგეგმავთ, ორჯერ მოვიპოვეთ მცირე დაფინასნება ადგილობრივი მერიიდან და
საკრებულოდან. დავეხმარეთ ჩვენ სკოლელს და ასევე მოვაწყეთ სპორტული
შეჯიბრება. მომავალში ჩვენი გუნდის წევრები სხვა მიმართულებას
ამოვარჩევთ და სამოქმედო გეგმასაც დავსახავთ. პირველ რიგში ჩვენი
მიზანია ნახევარფინალში გადასვლა. ამ დროისთვის, კახეთში თელავის #2
და #4 საჯარო სკოლები ლიდერობენ. ერთი მიმართულებით არ უნდა
ვიმოქმედოთ, რაც შეიძლება მეტი აქტივობა და მრავალფეროვნება უნდა
გვქონდეს.“
პროექტის ფარგლებში ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდი
„დეველოპერები“ სოფელში მდებარე საოჯახო ტიპის ღვინის მარან
„მრავალჟამიერს“ ესტუმრნენ. მისი მფლობელი გიორგი გეთიაშვილი ჩვენთან
საუბარში ამბობს, რომ მარანი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის
განმავლობაში არაერთი სტუმარი მიიღეს. აქ მოსულ დამთვალიერებელს
ადგილზე შეუძლია ნახოს პურის ცხობის, მწვადის შეწვის, ხინკლის
მოხვევისა და ყურძნის დაწურვის პროცესი, ასევე დააგემოვნოს ტრადიციული
კერძები და კახური ღვინო, მოისმინოს ხალხური ჰანგები.
-„გარდა იმისა, რომ მარანი ტრადიციული მეღვინეობის განვითარებას და
შენარჩუნებას უწყობს ხელს, ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა
ქვეყნებთან დამეგობრების თვალსაზრისითაც. ზოგადად, ქართული მეღვინეობა
განსხვავდება მსოფლიო მეღვინეობისგან, ქვევრიდან და ისტორიიდან
გამომდინარე. აქტიური სეზონი გვაქვს შემოდგომით, რთვლობის პერიოდია და
ბევრი ტურისტი მოდის. გაზაფხულზეც გვყავს ვიზიტორები. ძირითად პოსტ
საბჭოთა ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. ერთდროულად 35 ადამიანის
მომსახურება შეგვიძლია. ძირითადად ჩვენ თვითონ ვემსახურებით მათ,
სეზონურად დროებით დამსაქმებლებიც ვართ. ყველაფერი ძალიან მარტივად
დავიწყე, ჩემი მუსიკალურობა და რუსული ენის ცოდნა მომეხმარა. კახეთში
ვართ და ღვინის გაკეთება თითქმის ყველას შეუძლია, მაგრამ ეს არ არის
მთავარი, უშუალო კონტაქტია საჭირო“ .
პროექტის ფარგლებში ნახევარფინალისტები 31 იანვარს გამოვლინდებიან,
შემდეგ ნახევარფინალი დაიწყება, პროექტი კი 2019 წლის აპრილში
დასრულდება.
პირველ ადგილზე გასული გუნდი ავსტრიაში გაემგზავრება. პრიზების გარეშე
არც მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები დარჩებიან.
მასალის გამოყენების პირობები