1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს.
1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად
იქნა გამოცხადებული შიდსის მსოფლიო მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს
160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა
ღონისძიება. სხვადასხვა აქტივობები დაგეგმილია თბილისსა და
რეგიონებში.
გაეროს მიერ შიდსის მსოფლიო დღისათვის 2016 წელს დაიწყო ახალი
კამპანია "ვემხრობი შიდსის დამარცხებას“, რაც მიზნად ისახავს
საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას აივ დადებითი და შიდსით
დაავადებული ადამიანების მიმართ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული,
ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან,
ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ.
სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფილია: სამედიცინო
სერვისების მიწოდება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის
პრევენციისა და უსაფრთხო სისხლის პროგრამების განხორციელდება. 2015
წლიდან სახელმწიფომ უკვე თავის თავზე აიღო და განახორციელა არვ
მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა. მათივე ცნობით,
2016-2018 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი თანხების
მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის
შემდგომ შემცირდება.
ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის 11 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური
პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ
ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6,038 შემთხვევა.
საიდანაც 4,486 მამაკაცია, 1,552 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან
40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. 2016 წლის პირველი 10 თვის
განმავლობაში გამოვლინდა 606 ახალი შემთხვევა. შიდსი განუვითარდა
3,354 პაციენტს, 1184 გარდაიცვალა. მაღალეფექტიან მკურნალობაზე
იმყოფება 3,550 პაციენტი, მათგან 401 აფხაზეთში.
ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური
გზით მოხმარება (44.7%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (52.4%), მათ
შორის 8.8% ჰომოსექსუალური კავშირი. აივ ინფექციის ყველაზე მეტი
შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (2,058 შემთხვევა), შემდეგ
მოდის სამეგრელო 809 შემთხვევით, იმერეთი 780 შეთხვევით და აჭარა 695
შემთხვევით.
მასალის გამოყენების პირობები