NGO-ები ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაციები "ადამინების უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი," "იდენტობა," "ლგბტ საქართველო,"
"თემიდა," "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი," ქორწინების
შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას ეხმაურებიან და
პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური
პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო
ცვლილებას.
"მიმდინარე წლის 9 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ
საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ოჯახი
განისაზღვრება როგორც ქალისა და კაცის ერთობა. ასევე, 8 თებერვალს,
მოძრაობა "ეროვნულების" წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის მხრიდან
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინიც პარლამენტში საკონსტიტუციო
შესწორების პროექტის შეტანას გეგმავენ. მისი თქმით, შესწორების არსი
ის არის, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით კაცისა და ქალის
ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას
ემყარება. 2015 წლის ივნისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი
ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ "იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს
გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის
ერთობად ჩაიწეროს." ამასთან, პარლამენტის ბიურომ, 2016 წლის 15
თებერვალს, მსვლელობა მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი შენი
უფლებების" საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კონსტიტუციაში
ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ეხება.
მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ თემისა და ორგანიზაციების მიერ ქორწინების
თანასწორობის საკითხი საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ დღის
წესრიგში არასდროს ყოფილა დაყენებული. სახელმწიფოში არსებული
ინსტიტუციონალური ჰომოფობიის პირობებში, ლგბტ პირები განდევნილნი
არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან დისკრიმინაციისა და სისტემური
ძალადობის მსხვერპლნი, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ მათთვის
კონსტიტუციით გარანტირებული ძირეული უფლებებით. ამ პირობებში,
ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების
უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული
პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის
უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას. ლგბტ
ორგანიზაციების მიერ მიმდინარე წლის 8 თებერვალს გავრცელებული
განცხადებაში ნათქვამია, რომ, რომ "ძალადობრივი გარემოს
გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში საკუთარი
სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა უწევთ.
სამოქალაქო ქორწინება საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და
იდენტობის გამჟღავნებას ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს
მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა უწევთ, მოსალოდნელი ძალადობის,
დევნის და შევიწროების თავიდან ასარიდებლად, ქორწინების უფლება, მისი
დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გამოუყენებადი
შესაძლებლობა გახდება."-ვკითხულობთ არასამთავრობოების
განცხადებაში.
NGO-ების მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს ლგბტ თემატიკის
დეპოლიტიზაცია და არ გამოიყენოს აღნიშნული საკითხები პოლიტიკური
სპეკულაციების მიზნით,
შეაჩეროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც კონსტიტუციის
36-ე მუხლის პირველი ნაწილს შეეხება.
გაატაროს ყველა პრევენციული ღონისიება, რომ არ გააძლიეროს
საზოგადოებაში ფობიური დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ტოლერანტული
გარემოს შექმნას.
შეწყვიტოს ლგბტ პირთა უფლებებით მანიპულირება და პატივი სცეს
ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს.
დაიწყოს დისკუსია და მუშაობა გენდერულად ნეიტრალური
ქორწინების/პარტნიორული ურთიერთობების სტანდარტების დანერგვაზე
ქვეყნის კანონდმებლობაში, რომელშიც ჩართული იქნებიან ლგბტ პირთა
უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.
მასალის გამოყენების პირობები