ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა იყიდა.
speqtri.ge დაინტერესდა, რა თანხა დაუჯდა მანქანის შეძენა ადგილობრივ
თვითმმართველობას და რატომ გახდა საჭირო. ამის გარკვევას ახმეტის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან დავით
აბულაძესთან შევეცადეთ. ის თავდაპირველად საკითხის გადამოწმებას
დაგვპირდა, შემდეგ კი განმარტა, რომ რაიმე შეცდომის თავიდან აცილების
მიზნით ოფიციალურად მიგვემართა. კომენტარი არც გამგებელმა ბექა
ბაიდაურმა გააკეთა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის
ხელმძღვანელის ოთარ კვირიკაშვილის ინფორმაციით, გამგეობას მანქანის
შეძენა 30 ათასი ლარი დაუჯდა.
"როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა მთლიანად ჩამოშლილია და ეს
აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ახმეტის გამგეობის და საკრებულოს
ხელმძღვანელობა მხოლოდ პირად კომფორტზეა გადასული. იმის მაგივრად, რომ
თუნდაც პანკისში ნაგავსაყრელის პრობლემა მოაგვარონ, ან მოსახლეობას
სოციალური პრობლემები გადაუწყვიტონ. ხალხი გაუსაძლის პირობებში
ცხოვრობს, ესენი 30 ათასიან ჯიპებს ყიდულობენ და არ იკლებენ პირად
კომფორტს. ხვალ, ან ზეგ, საკრებულოც გადაიხდის დაახლოებით 20 ათას
ლარს მანქანის შეძენაში. 50 ათასი ლარი ფაქტობრივად წყალშია
გადაყრილი. ჰკითხონ საკუთარ ამომრჩეველს, ხალხს 50 თეთრი ვერ უშოვია
ისე ჩამოანგრიეს და გააჩერეს ყველაფერი."- აღნიშნა მან.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ხალხის ხმა ხელისუფლებას“ 2015 წელს
ახმეტის მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომლის
თანახმადაც ირკვევა, რომ 2015 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით,
თვითმმართველობის საკუთრებაში ირიცხება 18 ერთეული ავტოსატრანსპორტო
საშუალება. მათ შორის 3 გაუმართავ მდგომარეობაშია და საჭიროებს
რემონტს.
მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირებს (გამგებელი, საკრებულოს
თავმჯდომარე) 2-2 ავტომანქანა ემსახურება. გამგებლის ბექა ბაიდაურის
სარგებლობაშია ,,ტოიოტა კამრი“ (გამოშვებული 2008 წელს) და ,,ლექსუს
GX470“ (გამოშვებული 2003 წელს). საკრებულოს თავმჯდომარეს გელა
ჯუგაშვილს - ,,მერსედეს-ბენცი“ (გამოშვებული 2000 წელს) და ,,ნივა -
ვაზ 21214“ (გამოშვებული 2007 წელს). გამგებლის მოადგილის ვანო
ნასყიდაშვილის სამსახურებრივ სარგებლობაშია ,,ნივა - ვაზ 21214“
(გამოშვებული 2003 წელს). გამგეობის სამსახურის უფროსებს შორის
სამსახურებრივი ავტომანქანით სარგებლობს მხოლოდ 2 - ზედამხედველობის
სამსახურის უფროსი გიორგი ქორეულაშვილი და სამხედრო აღრიცხვის
სამსახურის უფროსი ზურაბ არაბული (ორივე შემთხვევაში - ,,ნივა - ვაზ
21213“ - გამოშვებული 2003 წელს). სამსახურებრივი ავტომანქანით
სარგებლობენ ასევე გამგეობის სამსახურებში არსებული 2 განყოფილების
უფროსი, 1 რიგითი სპეციალისტი, გამგებლის 1 წარმომადგენელი,
მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი 3 კერძო სამართლის იურიდიული პირი.
მასალის გამოყენების პირობები