ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ
არძინბას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას- USAID-ის მიერ დაფინანსებული
და საქართველო-აფხაზეთის მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარების
ხელშემწყობი პროექტების აკრძალვას- აფხაზეთში არსებული სამოქალაქო
ორგანიზაცია ეხმაურება.
აფხაზეთში არსებული სამოქალაქო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული
პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელის, არდა ინალ-იპას თქმით, არძინბა
თავისი მანდატის შესაბამისი დიპლიმატიური საქმიანობით არ არის
დაკავებული და, პირიქით, ძირს უთხრის წინამორბედი „მინისტრების“
მიღწევებს.
„მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირებს - მან დიდი ხანია
მიზანად დაისახა, არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ
დაარწმუნოს საერთაშორისო ფონდები, სახსრები მიმართონ აფხაზეთისა და
აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ
მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად.
სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით,
როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი
წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს ”, - ამბობს არდა
ინალ-იპა.
მისივე განცხადებით, ოფიციალური თბილისი კმაყოფილია არძინბას
გადაწყვეტილებით.
„რა შეიძლება ითქვას? საქართველოში ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი
მინისტრის ქმედებებით, ვინაიდან, იქაც სწორედ ამას აკეთებენ -
დაბრკოლებებს უქმნიან საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას
აფხაზეთში. მინისტრი თავისი ბრძანებებით ძალიან აქტიურად ეხმარება
მათ. ესმის თუ არა მოსკოვში შეწყვეტილი კარიერის აღდგენის იდეით
დაბრმავებულ მინისტრს ეს, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ჩვენმა
საზოგადოებამ და ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს: ჩვენს
თვალწინ მიიღება ანტიაფხაზური გადაწყვეტილებები, რაც იწვევს აფხაზეთის
კიდევ უფრო მეტ იზოლაციას.
ასეთი განკარგულებები მნიშვნელოვნად ართულებს აფხაზეთის საერთაშორისო
კონტაქტების გაფართოების ამოცანას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ჩვენი
დამოუკიდებლობის აღიარების იდეის ხელშეწყობა“, - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები