ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად 2024 წლისთვის
გამოყოფილი 30 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეაჩერა.
ევროკავშირის ელჩმა,
პაველ ჰერჩინსკიმ
ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც
საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში,
შემდგომი ნაბიჯებიც მოჰყვება.
„ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული
სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024
წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, განიხილება
სხვა ზომების მიღებაც.
შეიზღუდება ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ
და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა
სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ“, - განაცხადა
ჰერჩინსკიმ.
მისივე შეფასებით, დასანანია, ევროკავშირისა და საქართველოს
ურთიერთობების ასეთ დაბალ ნიშნულზე ხილვა იმის ფონზე, რომ საქართველოს
ევროკავშირში გაწევრიანების
პროცესი შეჩერებულია.
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები
ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე
ყოფილიყო.
[ევროკავშირის ლიდერები] საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების
შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ
სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ“, - თქვა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირი საქართველოს
ხელისუფლებას აფრთხილებდა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონის მიღების შედეგებთან დაკავშირებით.
„ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ
თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებდნენ,
ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ,
შედეგების დრო დადგა“.
მასალის გამოყენების პირობები