პრემიერმა ვიქტორ ორბანთან ერთობლივი პრესკონფერენცია კახეთში გამართა
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ
ორბანმა ერთობლივი პრესკონფერენცია კახეთში გამართეს.
ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებული ვართ იმით, რომ საქართველომ ვერ
მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს,
გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ეს მალე უნდა გამოსწორდეს! - ამის
შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს
პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ
განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსს
განსაკუთრებით იმსახურებს.
„უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ევროკავშირში,
ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩავარდებოდა. უკანასკნელი
20 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეიძლება მივაკუთვნოთ,
ძირითადად, ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს,
რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი
ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია
ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება,
საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს
კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა,
რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა,
ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და
მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის
რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს
მეშვეობით. ძალიან გულდაწყვეტილი და გაბრაზებულები ვართ, იმით, რომ
საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები,
რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ჩვენ ევროკავშირში
უნდა გადავწყვიტოთ ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ
რასაც ვამბობთ, მართალია - ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია?!
დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ
უსამართლოა. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე!“ - განაცხადა
ორბანმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს
კანდიდატის სტატუსს და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში,
გაუგებარი იქნება ევროპის გადაწყვეტილება, რადგან ბოლო 10 წლის
განმავლობაში, ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა
მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად.
„ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ
გააკეთა მაქსიმუმი ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე
კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების
გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის
მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული
პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ
უსამართლოდ მოგვექცნენ”-განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები