ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება.
ტაჯიკეთის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ამ დროისთვის,
დაღუპულია ორი მესაზღვრე, ხოლო 11 ადამიანი, მათ შორის ხუთი
მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, „Reuters”-ი
ავრცელებს.
ყირგიზი მესაზღვრეები ტაჯიკებს ადანაშაულებენ, რომ მათ პოზიციები
საზღვრის არადემარკირებულ ნაწილზე დაიკავეს. ტაჯიკეთის მხარე
ირწმუნება, რომ ყირგიზმა მესაზღვრეებმა ტაჯიკეთის ფორპოსტს ცეცხლი
ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე გაუხსნეს.
თავის მხრივ, ყირგიზეთი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, დაჭრილია მათი
სულ მცირე ორი სამხედრო პირი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორივე მხარეს მოუწოდებს,
„დაუბრუნდნენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზს და ერთობლივად
აღკვეთონ ნებისმიერი სახის პროვოკაცია“.
„გამოვთქვამთ მზადყოფნას, დავეხმაროთ მხარეებს სასაზღვრო საკითხების
გრძელვადიანი, ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებაში.
ასევე, რუსეთის დიდი გამოცდილების გამოყენებით, საზღვრის
დემარკაციაში, მათ შორის ცენტრალური აზიის მეზობლებთან“, - აცხადებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ყირგიზულმა მედიამ გაავრცელა ვიდეომასალა,
სადაც ასახულია, როგორ ტოვებენ ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფლის
მცხოვრებლები სახლებს და ამბობენ, რომ ისინი ტაჯიკეთის მხრიდან
დაბომბეს. ვიდეომასალაში ნათლად ჩანს ბავშვების ევაკუაცია სოფლის
სკოლიდან.
ყირგიზეთის სასაზღვრო დაცვის სამსახური აცხადებს, რომ საომარი
მოქმედებების დასასრულებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები ერთმანეთს შანხაის
უსაფრთხოების ორგანიზაციის სამიტზე შეხვდებიან, რომელიც უზბეკეთში,
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინისა
და რეგიონის სხვა ლიდერების თანხლებით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები