ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდეტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 5 სექტემბერს
ორბელიანების სასახლეში გამართულ კონფერენციაზე - „დიდება უკრაინას“,
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსულ
დეზინფორმაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატის
სტატუსის მიღების კონტექსტში, ქვეყნის სათავეში მყოფები
პასუხისმგებელნი არიან მომავალი თაობის წინაშე.
"საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, თუ სად არის, სად დგას უკრაინასთან
მიმართებით, ევროპასთან მიმართებით და ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში
ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, თუ ოპოზიცია, ინსტიტუციური
ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის
გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან
საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი
პერსპექტივა შემოგვთავაზა, შემოგვთავაზა ახალი მომავალი ისე, რომ იმ
დროს ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება მოგვიწია ამისთვის და ვიქნებით კი
ამისთვის მზად? ჩემი ვარაუდით, მზად ვიქნებით და ხვალ ერთად ვიქნებით
ევროკავშირში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე,
რა დროსაც აღნიშნა - „ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის,
დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის
ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს, ეს წარმოუდგენელი
მანიპულაცია და დეზინფორმაციაა.“
„არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია
ასე მუშაობს - არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც
შეიძლება.
თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ
თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის
არცერთ სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას
ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები
დაიკავა, და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა,
თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი.
ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ.
ეს [დეზინფორმაცია] ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია
ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი
დეფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში
გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო", -
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები