შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ
საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი არ ჰყავს.
მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების
ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს,
განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კელი დეგნანმა 27 ივლისს „ამერიკის
ხმისთვის“ მიცემულ
ინტერვიუში ისაუბრა.
„როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ
და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე
როდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ
რუსეთის აგრესიას,“ - განაცხადა დეგნანმა.
ელჩი ხაზს უსვამს, რომ აშშ საქართველოს საერთო მიზნის მიღწევაში
ეხმარება, რაც უფრო მშვიდობიან, აყვავებულ და დამოკრატიულ საქართველოს
გულისხმობს.
„რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე
მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს.
საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ
საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი
საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი,
აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება
ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას
გავაგრძელებთ,“ - აცხადებს ამერიკის ელჩი.
კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ წელს შეერთებული შტატები და
საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელს აღნიშნავს.
იგი განმარტავს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო
ღირებულებებსა და ამ 30 წლის განმავლობაში, ურთიერთობებში ჩადებულ
გულმოდგინე შრომას ეფუძნება.
„წელს მთელს ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყველგან, სადაც მივდივარ, ხალხს,
ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და
შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმა თანამშრომლობა აქვთ,“- აცხადებს
ელჩი.
კელი დეგნანის შეფასებით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარებოდა
საქართველოს.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი
დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო
მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი
ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების
დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო
დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით,
ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - ამბობს დეგნანი.
ამერიკის ელჩი ხაზს უსვამს იმასაც, რომ აშშ ფოკუსირებული დარჩება
საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე.
„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია -ეს
არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე,
რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების]
მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნითა და საქართველოს სახელით,
რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან
ევროპაში,“ -განაცხადა კელი დეგნანმა.
მასალის გამოყენების პირობები