რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით,
უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი არ იცვლება. ამის
შესახებ ვლადიმირ პუტინმა 29 ივნისს, ტაჯიკეთის დედაქალაქ აშხაბადში
გამართული კასპიის რეგიონის ლიდერთა სამიტის შემდეგ ისაუბრა.
ვლადიმირ პუტინის კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კრემლის
პროპაგანდისტული ტელეარხის „რენ-ტვ“-ის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
„ამის შესახებ 24 თებერვლის დილას ვისაუბრე საჯაროდ, მთელი ქვეყნისა
და მსოფლიოს გასაგონად. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, არაფერი
შეცვლილა,“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, იგი ენდობა პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებს.
„სპეცოპერაცია“ ისე მიმდინარეობს, როგორც იყო დაგეგმილი და მისი
დასრულებისთვის კონკრეტული ვადების განსაზღვრა საჭირო არ არის.
„სპეცოპერაციის“ მთავარი მიზნებია „დონბასის გათავისუფლება, იქ
მცხოვრები ხალხის დაცვა და რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების
პირობების შექმნა“. პუტინის აზრით, რუსი ჯარისკაცები მოქმედებენ
"მშვიდად და რიტმულად" და დასახულ მიზნებსაც აღწევენ. რუსეთის
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "სპეცოპერაციას" რუსი სამხედროები
"ფრთხილად" ატარებენ, რათა, "რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე
გადაარჩინონ".
როგორც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, იგი მხარს უჭერს იდეას, რომ
„სამხედრო სპეცოპერაციაში“ მონაწილე რუსი ჯარისკაცების სახე
ხელოვნებაში უნდა აისახოს. მისი თქმით, მათზე სიმღერებიც უნდა
იწერებოდეს, ლექსებიც და ძეგლებიც - იდგმებოდეს.
ცნობისთვის, ტაჯიკეთი პირველი ქვეყანაა, სადაც უკრაინაში შეჭრის
შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ჩავიდა.
ვლადიმირ პუტინს 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრა და
სრულმასშტაბიანი ომი გამოცხადებული აქვს „სამხედრო სპეცოპერაციად“,
რომელიც მიზნად ისახავს „უკრაინის დენაციფიკაციასა და
დემილიტარიზაციას“. უკრაინაში შეჭრამდე კრემლი მოუწოდებდა უკრაინას,
უარი ეთქვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO-ში) გაწევრიანებაზე.
რუსეთმა ომის დაწყებამდე ცოტახნით ადრე დონეცკისა და ლუგანსკის
„სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა“ აღიარა.
ამონარიდი
ვლადიმირ პუტინის
კომენტარიდან
მასალის გამოყენების პირობები