ფრაქცია "ქართული ონცება" სამმა დეპუტატმა დატოვა. ამის შესახებ
ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მმან აღნიშნა, ეს დეპუტატები არიან სოზარ სუბარი, მიხეილ
ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.
„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ:
ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ
ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“,
პარტიასა და საპარლამენტო თანამდებობებს“, - განაცხადა
მდინარაძემ.
პარტიიდან წასვლის მიზეზებზე სოზარ სუბარმა "ტვ პირველის" ეთერში
ისაუბრა. სოზარ სუბარის განცხადებით, ჩვენს რეგიონში რთული
მდგომარეობაა. არსებობს საქართველოს ომში ჩართვის საშიშროება.
„რთული პერიოდი დგას დღეს რეგიონში ზოგადად და საქართველოც ამ
რეგიონის ნაწილია.
მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომლითაც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში
ჩართვას, ამის პირდაპირი მცდელობები იყო, იყო არაპირდაპირი
მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია აგვაცილოს ეს საფრთხე, არის
ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.
ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ. ეს არის
ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა“, - ამბობს სოზარ
სუბარი.
მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის მიწოდება.
„თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი
დაგვრჩება განზე. ამიტომაც ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი
სიმართლე, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს, როდესაც ხარ მმართველი
გუნდის წევრი.
საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხალხი დღეს ვართ უდიდესი
გამოწვევის წინაშე. რაც მართლა ქვეყნის სტრატეგიული მიზანი იყო,
ევროკავშირში გაწევრიანება, აქ ვართ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ
ეს გაწევრიანება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს. უმტკივნეულოში
ვგულისხმობ, რომ უნდა ავირიდოთ თავიდან ომში ჩართვა. ომში ჩართვა თუ
მოხდა, შემდეგ ყველაფერი დაკარგავს აზრს,“ - აცხადებს სოზარ
სუბარი.
მისი შეფასებით, საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული და
როდესაც მმართველი გუნდის წევრი ხარ, გაქვს გარკვეული შეზღუდვები.
„საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ, როდესაც ხარ მმართველ
გუნდში, გაქვს გარკვეული შეზღუდვები და ინფორმაციები, რომლებიც ღიად
არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი,
როდესაც, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა
ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ეს არ გამოდიოდა,
იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს“, - აღნიშნავს პარლამენტის
წევრი.
მასალის გამოყენების პირობები