თურქეთი მზადაა, კიდევ ერთხელ გაუწიოს ორგანიზება რუსეთ-უკრაინის
სამშვიდობო მოლაპარაკებას საკუთარ ტერიტორიაზე. ამის შესახებ, დღეს, 8
ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოოლუმ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართული
შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქული გამოცემა „ანადოლუ“
ავრცელებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის,
შესაძლოა, კვლავ იყოს მოლაპარაკებების საფუძველი.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთ-უკრაინის [საერთო] სურვილს, განაახლონ
მოლაპარაკებები,“ - ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ჩოვაშოოლუს თქმით, მას სერგეი ლავროვთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ ანკარა
ხედავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) გეგმებს, რომლითაც
უნდა შეიქმნას საკვები დერეფანი უკრაინის გავლით.
ჩოვაშოოლუმ „ლეგიტიმურად“ შეაფასა რუსეთის მოთხოვნა სანქციების
მოხსნის შესახებ, რათა გაადვილდეს ხორბლის ექსპორტი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო ლათინური ამერიკის
ქვეყნების შეშფოთებას მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის
მიმართ.
მან ასევე მოუწოდა ყველა მხარეს, რომ ერთობლივად გაუხსნან საექსპორტო
გზა როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს.
თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის
წილი გლობალურ ბაზარზე მთლიანი პროდუქციის დაახლოებით 1%-ს შეადგენს
და არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს გლობალური სასურსათო კრიზისის
საფრთხის აღკვეთაში.
მიუხედავად ამისა,ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი აფასებს თურქეთის
ძალისხმევას უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის
სიტუაციის განბლოკვისათვის.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსი და თურქი სამხედროები განიხილავენ
უკრაინის პორტების ნაღმებისგან გაწმენდის საკითხს მარცვლეულის
ექსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად.
ლავროვი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა, უკრაინიდან ხორბლის
ექსპორტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაა, რადგანაც მას არ სურს
ზღვის ნაღმებისაგან გაწმენდა.
სერგეი ლავროვმა აქვე დასძინა, რომ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს იყოს
საექსპორტო გემების უსაფრთხოების გარანტორი, თურქ კოლეგებთან
ერთად.
„გარანტიას გაძლევთ, რომ არ გამოვიყენებთ უკრაინის პორტების განაღმვას
თავდასხმისთვის,“ - აცხადებს ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ყველას, რომ აღდგეს
სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის და გამოთქვამს
მზადყოფნას სტამბულში გაეროსა და უკრაინასთან შეხვედრისთვის.
მასალის გამოყენების პირობები