დღეს, 6 ივნისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
მინიჭებაზე, ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ „ქვეყნის გზამკლევი ევროინტეგრაციის
გზაზე“ ასოცირების ხელშეკრულებაა, რომელიც წლების წინ გაფორმდა.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვალდებულებები, რომელიც
გათვალისწინებულია კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით,
პირნათლადაა შესრულებული.
"კიდევ ერთხელ, ველოდებით ჩვენი ევროპელების ბრძნულ, სწორ და
სამართლიან გადაწყვეტილებას. არაფერს ვითხოვთ, ვითხოვთ სწორ და
სამართლიან შეფასებასა და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი მას
შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მიჰყვებიან
ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ
საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის
სრულუფლებიანი წევრი.
ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა
უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც
გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ
საქმეს", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3
მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი.
საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს
2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
მასალის გამოყენების პირობები