საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობის
მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულებას
ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობის
მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულებას
ეხმაურება.
„საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში
დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს
მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა
ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021
წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და
თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია
შესაბამისი განკარგულება“, - წერს პრეზიდენტი თავის ოფიციალურ ფეისბუქ
გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის
ადმინისტრაციას ადანაშაულებს იმაში, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო
პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული
საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის
ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.
გთავაზობთ მთავრობის განცხადებას:
„დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის
განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი
კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო
ორგანიზაციებში.
სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს.
გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო
პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული
საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის
ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.
აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია
მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ
უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი
წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია,
რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები
ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი,
რაც სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ
პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ
აღნიშნული საკითხი დღესაც აქტუალურია და დიპლომატიური
წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას ექმნება სირთულეები,
საქართველოს მთავრობა იმოქმედებს გაცხადებული სამართლებრივი
რეაგირების შესაბამისად.“ , - ვკითხულობთ მთავრობის
ფეისბუქ-გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები